
სააკაშვილი მოუწოდებს ევროპას არ მოახდინოს ბელარუსის იზოლირება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ევროპას არ შეაქციოს ზურგი ბელარუს და განაცხადა, რომ ამ „ძალიან ევროპელი ერის“ იზოლირება იმით დასრულდება, რომ ბელარუსი დღევანდელი რუსეთის მთავრობის სრულ კონტროლქვეშ მოექცევა.
„ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ბელარუსში“, – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომოროვსკისთან 26 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემები არსებობს ბელარუსში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ იმ პირობებში, როდესაც – თავისთავად იმის მტკიცება, რომ რუსეთი არის უფრო დემოკრატიული, ვიდრე ბელარუსი, აბსურდია, და ბელარუსი, რუსეთისგან განსხვავებით, არ ახორციელებს მისი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას – ბელარუსთან იზოლაციის პოლიტიკის წარმოება, როგორც ეს ზოგჯერ გამოდის, არის პირდაპირი შანსი იმისა, რომ ბელარუსის სუვერენიტეტი რეალურად დასრულდეს და ბელარუსი მოექცეს დღევანდელი რუსეთის მთავრობის სრულ კონტროლქვეშ, რაც არის კონტროპროდუქტიული ევროპის გრძელვადიანი განვითარების – ეს არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან ევროპელი ერი – რაც იქნება ძალიან ცუდი მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ამიტომ, მიმაჩნია, რომ საჭიროა დიალოგის წარმოება და ყველა იმ საკითხზე ღიად ლაპარაკი, რომელიც ყველა ჩვენგანის დიდ ინტერესს და ასევე შეშფოთებასაც იწვევს“, – დასძინა მან.
ანალოგიური განცხადება სააკაშვილმა ბათუმში 22 ივლისს მერვე საერთშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ გამოსვლისასაც გააკეთა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბელარუსი იზოლაციაში მოაქციონ, არ სურთ იგივე სტანდარტები რუსეთზეც გამოიყენონ.
2009 წლის სექტემბრის აშშ-ის კონფიდენციალურ დიპლომატიური ტელეგრამაში, რომელიც ორიოდე კვირის უკან WikiLeaks-მა გამოაქვეყნა, ჩანს რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბელარუსის მიერ ცხინვალისა და სოხუმის შესაძლო აღიარების გამო შეშფოთებული იყო. ტელეგრამების თანახმად, სააკაშვილმა უთხრა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ თუ ბელარუსი გადაწყვეტდა ამ ორი რეგიონის აღიარებას, საქართველო ვეღარ შეძლებდა ბელარუსთან თანამშრომლობას ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში. ამ ტელეგრამის თანახმად, სააკაშვილმა უთხრა ამერიკელ დიპლომატს, რომ მინსკის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემთხვევაში თუ ევროკავშირი არ გააძევებდა ბელარუსს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან, მაშინ საქართველოს თავად მოუწევდა ამ ფორუმის დატოვება.
იმავე დღეს, 2009 წლის 15 სექტემბერს, როდესაც სააკაშვილს ეს საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მაშინდელ მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პარლამენტი განიხილავს საკითხს აღიაროს თუ არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
აშშ-ის კიდევ ერთი კონფიდენციალური დიპლომატიური ტელეგრამის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტი 2009 წლის ოქტომბერში ამბობდა, რომ იგი შესაძლოა იძულებული გამხდარიყო ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რათა უფრო იაფი რუსული გაზი მიეღო; მინსკს ეს ორი რეგიონი არ უღიარებია.
2009 წლის ნოემბერში ბელარუსი დეპუტატების სამი სხვადასხვა ჯგუფი სტუმრობდა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ერთდროულად, რათა საბოლოო პოზიცია ჩამოეყალიბებინათ მინსკი მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებით. 2010 წლის იანვარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა ბათუმში ვიზიტით მყოფ ბელარუსის ვიცე–პრემიერს, რომ საქართველო ”მიესალმება ბელარუსის ხელმძღვანელობის პრინციპულ, შორსმჭვრეტელურ და ბრძნულ პოზიციას“ და მადლობა გადაუხადა ბელარუს დეპუტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო. სააკაშვილი ერთ–ერთი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელმაც ლუკაშენკოს 2010 წლის დეკემბერში პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევა მიულოცა.