ახალი ამბები

ოთხი ფოტოკორესპონდენტი ჯაშუშობის მოტივით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ოთხი ფოტოკორესპონდენტი. 

შსს–ის ცნობით დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში; ირაკლი გედენიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი; მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე; და  გიორგი აბდალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი.

„დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“, – ნათქვამია შსს–ის მოკლე განცხადებაში.

ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა დილიდან ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, მეხუთე დაკავებულის "ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორის შაჰ აივაზოვის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ შსს–ის მოდულის შენობიდან გაათავისუფლეს.

Back to top button