ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ ქრისტიან–დემოკრატებმა მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ მთავრობამ ქვეყანა "ღრმა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა“.

ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ეს მოთხოვნა ე.წ. სამთავრობო კვირეულის შემაჯამებელი დებატების ფარგლებში, 30 მარტს დააყენა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

გიორგი თარგამაძემ იმ მიზეზებს შორის, რის გამოც, მისი აზრით, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, დაასახელა: უმუშევრობის მატება, ფასების ზრდა, პროგნოზების გაკეთების უუნარობა, ბიზნესის შევიწროება, ხელოვნური მონოპოლიების არსებობა, სამართლიანი მართლმსაჯულების პრობლემა.

ქრისტიან–დემოკრატების ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ასევე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა, პაატა დავითაიამ პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერმა და ვიცე–სპიკერმა და ჩვენი საქართველო–თავისუფელი დემოკრატების წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა უარყვეს ეს მოწოდებები და ოპონენტები უსაგნო კრიტიკაში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიიდან ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ შეძლო საუბარი მხოლოდ პრობლემებზე და არანაირი გზა ამ პრობლემების გადასაჭრელად არ წარმოადგინა. მან  ოპონენტებს პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა, "რადგან არ გვინდა ამ გზაზე მარტო ვიყოთ“. მან ასევე დაიცვა მთავრობა და უარყო ოპონენტების კრიტიკა, რომ მინისტრები დებატების დროს "არაკომპეტენტურები“ და "სუსტები“ იყვნენ.

დებატები საკანონმდებლო ორგანოში ქრისტიან–დემოკრატების მოთხოვნის შედეგად 22–25 მარტს მიმდინარეობდა და 30 მარტს პრემიერ–მინისტრის შემაჯამებელი გამოსვლით დასრულდა.

პრემიერმა ნიკა გილაურმა თავის საბოლოო მოხსენებაში, 22 მარტს მისი პირველი გამოსვლის მსგავსად, კვლავაც მთავრობის 10–პუნქტიან სტრატეგიულ გეგმაზე გაამახვილა ყურადღება.

დეპუტატებს ნიკა გილაურთან კითხვა–პასუხის რეჟიმით ოპონირების საშუალება არ მისცემიათ, განსხვავებით იმ რვა მინისტრისგან, რომლების საანგარიშო მოხსენებებით გასულ კვირას წარსდგნენ პარლამენტში.

საპარლამენტო დებატების ფორმატში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა. ამ ორი უკანასკნელის მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი ასევე დააყენა საპარლამენტო უმცირესობამ, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა კვეზერელისა და სუბელიანის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს.

 

Back to top button