
სააკაშვილი: საქართველომ რეფორმებით “ახალი წესრიგი” შექმნა რეგიონში
მიმდინარე წარმატებული რეფორმების წყალობით, საქართველო ბევრი პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოსთვის სამაგალითო ქვეყნად გადაიქცა, შექმნა რა "ახალი წესრიგი რეგიონში,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ–იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველომ "იტვირთა ისტორიული მისია მთელი პოსტ–საბჭოთა რეგიონისთვის“.
"და არა მხოლოდ [პოსტ–საბჭოთა სივრცისთვის] – იმიტომ, რომ ეგვიპტეში და ტუნისში მომხდარი რევოლუციების შედეგად, უამრავი ადამიანი გამოთქვამს სურვილს ჩამოვიდეს და საქართველოს რეფორმები ისწავლოს… რაღაც შევქმენით ისეთი, რაც არის სრულიად უნიკალური და ჩვენ ეს უნდა მივიყვანოთ ბოლომდე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რეფორმებმა ახალი შესაძლებლობები შექმნა ახალგაზრდებისთვის, რის შედეგადაც "უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ყოველ წელიწადს საქართელოში, ვიდრე მიდის ქვეყნიდან“ და ამის გამო, დასძინა მან, "საქართველო არის ჩვენი რეგიონის მომავლის დემოკრატიული სინგაპური,“ რომელიც 2015 წლისთვის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდება.
"ეს არც ფანტაზიებია, და არც ჩემი ლოზუნგი,“ – დასძინა მან.
This post is also available in: English Русский