
სააკაშვილი: ეთნიკური და რელიგიური თემებით სპეკულირება არ შეიძლება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, ეთნიკურ–რელიგიური თემებით სპეკულირება და „ქვეყნის აფეთქება“ არ შეიძლება.
“ჩვენ ვართ 4 მლნ 700 ათასიანი ქვეყანა, დაახლოებით, რამდენიმე ასეული ათასი ქართველი არის არაქრისტიანული – მუსლიმანური რელიგიის. ამ ქართველებში შედიან ქართველი აზერბაიჯანელებიც, მაგრამ ეთნიკური ქართველებიც. ჩემთვის ქართველ აზერბაიჯანელს, ეთნიკურ ქართველს ერთიანად ეკუთვნის საქართველო. აქ შედიან ქართველი ქისტები, აქ შედიან ქართველი ლეკები, აქ შედიან ლტოლვილები, რომლებიც ჩამოვიდნენ და აქ არიან, მათ შორის თქვენს შორის – ჩეჩნები, რომელთაც ქართული სკოლები დაამთავრეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ქართველები არიან ჩვენთვის,“– განაცხადა სააკაშვილმა 1 თებერვალს კაჭრეთში პროფესიულ სასწავლებელში სტუმრობისას.
"და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სადღაც არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს, მაშინ ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს – ჩვენ არა, ჩვენ ამას არასდროს არ ვეტყვით – ვლაპარაკობ ვიღაცა პოლიტიკური მარგინალები ეუბნებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ შეიძლება იყვნენ მუსულმანები… ძალიან ბევრი არიან – 200 მოქმედი მეჩეთია მარტო აჭარაში,“– აღნიშნა მან.
ამ თემაზე საუბრისას სააკაშვილს სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ბოლო დროინდელი დისკუსიები. საქმე ეხება თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას საქართველოში რამოდენიმე მეჩეთის რეკონსტრუქციის და აღდგენის სანაცვლოდ.
“ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, რომ არ შეიძლება ამ თემებზე სპეკულირება, არ შეიძლება ქართველების დაყოფა ქართველებად და ოსებად, ქართველებად და აფხაზებად, ქართველებად და ქისტებად, ქართველებად და ზოგადად არა ქართველებად, ვაკელებად და ვერელებად, ვერელებად და ვარკეთილელებად… ეს ყველაფერი გავიარეთ. გავიარეთ ის, რომ არ შეიძლება სამოქალაქო დაყოფა საქართველოსი,“– განაცხადა მან.
“ჩვენ ასევე გავიარეთ ის, რომ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს უფლება ეკამათოს ერთმანეთს, არ დაეთანხმოს ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის აფეთქება, [დაუშვებელია] თქმა იმისა, რომ მოდი გამოვაცხადოთ დედაქალაქი მკვდარ ქალაქად, მოდი გამოვაცხადოთ არავინ არ გავიდეთ სამსახურში, მოდი რაც უფრო ვავნებთ სიტუაციას უფრო კარგია, რაც უფრო მსოფლიოს ცუდად მოვაჩვენებთ საქართველოს, მით უფრო კარგია,“– აღნიშნა მან.