
ესპანეთი, საქართველო და კალაშოვის საქმე WikiLeaks-ის მასალებში
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის კონფიდენციალურ დიპლომატიურ მიმოწერებს შორის მოიპოვება ერთი ტელეგრამა, რომლის მიხედვითაც, ამ წლის დასაწყისში ესპანელი პროკურორი უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ ქართული მხარე არასაკმარისად თანამშრომლობდა მასთან ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის საქმის გამოძიებისას.
2010 წლის 8 თებერვალს, მადრიდში აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში მოთხრობილია ამერიკელი დიპლომატებისა და ესპანელი პროკურორის ხოსე გრინდა გონსალესის 14 იანვრის შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც გრინდა საუბრობს ესპანეთის ძალისხმევაზე ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებსა და ე.წ. რუსულ მაფიას.
გრინდა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული შაქრო კალაშოვისა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირთა საქმეების გამოძიებაში, აშშ-ის საელჩოს ტელეგრამაში დახასიათებულია, როგორც საქმის სიღრმისეულად მცოდნე გამოცდილი პროფესიონალი.
გრინდამ, როგორც ტელეგრამაშია მითითებული, ”გულახდილად” ისაუბრა რუსულ მაფიაზე და მის კავშირებზე რუსეთის ხელისუფლებასთან. ტელეგრამაში ასევე მოყვანილია მისი მოსაზრება, თუ რა დონის თანამშრომლობას და დახმარებას უჩენდა ესპანეთს ამ საქმეების გამოძიებისას რამოდენიმე სხვა ქვეყნის მთავრობა. საქართველო, ამ ტელეგრამაში, სწორედ ამ კონტექსტშია ნახსენები.
ტელეგრამის თანახმად, გრინდას უთქვამს ამერიკელი დიპლომატებისთვის, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ”ძალიან ძლიერია” საქართველოში და რომ ასეთი დაჯგუფებები ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გახდა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კუთხით საქართველოში ვითარება გამოსწორდა; თუმცა გრინდა ასევე ამბობს, რომ გარკვეული პრობლემები კვლავაც რჩება.
ამის მაგალითად, ტელეგრამის მიხედვით, გრინდას მოუყვანია საკუთარი გამოცდილება და უთქვამს, რომ კალაშოვის საქმის გამოძიებისას, როდესაც ის საქართველოდან დახმარების მიღებას ცდილობდა, მან თავი ”სრულიად მიტოვებულად” იგრძნო და მან ქართული მხარის დამოკიდებულებას ”ღალატი” უწოდა. ტელეგრამის მიხედვით, გრინდას ასევე უთქვამს, რომ არასაკმარისი თანამშრომლობის თაობაზე ქართული მხრიდან მიღებულ განმარტებები უსუსური იყო.
ამერიკელ დიპლომატებსა და გრინდას შორის 14 იანვარს გამართული ამ შეხვედრიდან, დაახლოებით, ექვს თვეში შაქრო კალაშოვი ესპანეთში ხელმეორედ დააკავეს.
მისი დაკავება 2010 წლის 5 ივნისს მოხდა. მანამდე კი, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე ესპანურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ფულის გათეთრებაში, მაგრამ იმის გამო, რომ იმ დროისთვის კალაშოვს სასჯელის ნაწილი უკვე მოხდილი ქონდა (ის დაკავებული იყო 2006 წლიდან), სასამართლომ ჩათვალა, რომ ის შეწყალებას ექვემდებარებოდა და გაათავისუფლა.
თუმცა, კალაშოვი გათავისუფლებიდან ხუთი დღის შემდეგ კვლავ დააკავეს და ამის მიზეზი, როგორც მაშინ ესპანური გაზეთი El Mundo იტყობინებოდა, საქართველოს მხრიდან მისი ექსტრადიციის მოთხოვნა გახდა.
იმავე პერიოდში მადრიდში იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და იუსტიციის მინისტრი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომლებმაც ესპანელ კოლეგებთან კალაშოვის ექსტრადიციის საკითხი განიხილეს.
2010 წლის 27 სექტემბერს ესპანურმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა კალაშოვის ექსტრადიციაზე, თუმცა მის გადმოსაცემად ყველა სასამართლო პროცედურა ჯერ არ დასრულებულა; ამას გარდა, ესპანურმა სასამართლომ ასევე მოითხოვა, რომ ექსტრადიციაზე თანხმობა არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმაც განაცხადოს, რადგან 2006 წელს კალაშოვი სწორედ ამ ქვეყანაში დააკავეს და შემდეგ გადასცეს ესპანეთს.
2006 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართომ კალაშოვი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ კანონიერ ქურდობაში, ფულის გამოძალვის მიზნით 2000 წელს ამერიკელი მოქალაქის გატაცებაში და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.