
აფხაზეთის ლიდერმა იანუკოვიჩს მიულოცა
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 15 თებერვალს.
”დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოსვლით ურთიერთობები უკრაინასა და აფხაზეთს შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა,” – ნათქვამია წერილში, რომელიც ბაღაფშმა იანუკოვიჩს გაუგზავნა.
იგი ასევე წერს, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება ”გვიჩვენებს, რომ თქვენ და თქვენი გუნდი უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ავტორიტეტით და ნდობით სარგებლობთ”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 7 თებერვალს, რომ იგი დარწმუნებულია, რომ არც ერთი უკრაინელი ლიდერი არ გადადგანს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას ”მტრად” აქცევს.
”ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ მოხდეს აფხაზეთიდან 500 ათასი ადამიანის გამოდევნისა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის დაკანონება… დამღუპველი იქნებოდა თავად უკრაინისთვის, რადგან ზოგიერთები გარკვეულ ტერიტორიულ პრეტენზიებს უკრაინასაც უყენებენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English Русский