ახალი ამბები

ნოღაიდელი ცხინვალში კოკოითს შეხვდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს დილით ცხინვალში სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

ის უკვე მეორე ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც კოკოითს აგვისტოს ომის შემდეგ შეხვდა. რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც კონფლიქტების თემატიკაზე მუშაობს, ცხინვალში 16 დეკემბერს იმყოფებოდა.

ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ყოფილი პრემიერი კოკოითთან შეხვედრაზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხს განიხილავდა.

სეპარატისტული ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი შეხვედრაზე კოკოითის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება: ”ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან თომას ჰამერბერგთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსური მხარე მზადაა გაათავისუფლოს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კეთილი ნების ნიშნად”.

იმავდროულად, ცხინვალი ასევე იტყობინება, რომ  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებული ვლადიმერ ლუკინი, რომელიც ასევე ცხინვალს სტუმრობს, 19 დეკემბერს იმ ოსი მოქალაქეების ნათესავებს შეხვდა, რომლებიც ქართული მხარის მიერ არიან დაკავებული ან დაკარგულებად ითვლებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ სეპარატისტებმა უნდა გამოავლინონ ”კეთილი ნება” და გაათავისუფლონ ორი ქართველი ტირძნისელი მოზარდი, რომლებიც 4 ნოემბერს იქნენ დაკავებულები.

This post is also available in: English Русский

Back to top button