skip to content
ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციასთან დაკავშირებული შეხვედრა გადაიდო

ინციდენტების პრევენციის მექანიზმების შესახებ 6 მაისს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, განაცხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ.

ოთხშაბათს შუადღისას ევროკავშირის მისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მეორე შეხვედრა გაიმართებოდა 7 მაისს დილის 11 საათზე ”ტირძნისის მუნიციპალურ შენობაში”. ეს სოფელი გორის რაიონში, ცხინვალიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის წარმომადგენელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს შეხვედრებზე, განაცხადა 7 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში: ”მიუხედავად საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთო-სა და ქართული მხარის ძალისხმევისა, შეხვედრა ჩაშლილი იქნა რუსული და [სამხრეთ] ოსური მხარეების მიერ”.

საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასსი” იტყობინებოდა სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული ძალების უცნობ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, რომ ”შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო”. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ უარი განაცხადა შეხვედრის გამართვაზე სოფელ ერგნეთში – სადაც პირველი შეხვედრა გაიმართა – ამის სანაცვლოდ შესთავაზა მოლაპარაკებების გამართვა გორში.

ევროკავშირის მისიამ განაცხადა 7 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში: ”სამწუხაროა, რომ მოგვიწია დღეს დაგეგმილი შეხვედრის გადადება, რადგან ერთმა მხარემ შეცვალა 23 აპრილს გამართულ საწყის შეხვედრაზე გამოთქმული პოზიცია შეხვედრის შესაფერისი ადგილის თაობაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოცემული შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება”.

მოგვიანებით ევროკავშირის მისიის პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ სამხრეთ ოსურმა მხარემ შეცვალა პოზიცია ამ საკითხზე.

განცხადებაში მისიამ ასევე განაცხადა, რომ შსს-თან და თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მისია აგრძელებს ქართული პოლიციისა და შეიარაღებული ძალების საქმიანობის მონიტორინგს. ”როგორც უკვე განვაცხადეთ, არ ვართ მომსწრე მოცემული შეთანხმებებების საწინააღმდეგო რაიმე ქმდებისა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

”ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან მივიღეთ გარკვეული სახის გარანტიები მათი ბოლოდრიუნდელი დამატებითი განლაგებების შესახებ, მაგრამ გვესაჭირეობა უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლა ამ საქმიანობების შესახებ და მონიტორინგი, თუ რა ხდება ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზე,” – ნათქვამია განცხადებაში. ”ყველა მხარეზე დაძაბულობის შემცირების საუკეთესო გზა ჟენევაში შეთანხმებული ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ზემოთაღნიშნული და სხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობაა”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button