ახალი ამბები

ნორვეგიის გენშტაბის მეთაური აგვისტოს ომის შესახებ

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა, გენერალმა სვერე დესენმა განაცხადა, რომ მას სულაც არ გაკვირვებია რუსეთის მიერ საქართველოში აგვისტოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია.

“ჩვენ არც თუ ისე გაკვირვებულები ვიყავით ამით. რუსეთი არის მკაცრი და დიდი სახელწიფო, რომელიც ძალას იყენებს, როდესაც ხედავს, რომ ამგვარი რამ საჭიროა ან ხელსაყრელი დასაშვები რისკის ფარგლებში,” – განაცხადა მან Defense News-თან ინტერვიუში. ”ასეთი რამ მოსალოდნელი უნდა იყოს. მაგრამ მე სიფრთხილეს გამოვიჩენ და არ მოვახდენ ამის პირდაპირ გადმოტანას ჩვენს კონკრეტულ რეგიონზე [გულისხმობს სკანდინავიას]. პოლიტიკური კონტექსტი არის სრულიად განსხვავებული და აქ მსგავსი რამის მოხდენის ალბათობა ძალიან შორეული რამ არის.”

”მაგრამ საინტერესო ის არის რომ, საქართველოში განხორციელებული სამხედრო კამპანიის ხელწერა იმის მსგავსია, რასაც ჩვენ ჩვენს სცენარებში ვითვალისწინებდით, თუ როგორ შეეძლო გამოეყენებინა რუსეთს სამხედრო ძალა თუ ვთქვათ, კრიზისი ჩვენს რეგიონში წარმოიქმნებოდა. სტრატეგიული გაფრთხილებების [ანუ წინასწარი შეტყობინება შესაძლო ომის შესახებ]  ძალიან დიდი ნაკლებობა იყო; მხოლოდ ლოკალური ან სტრატეგიულად მობილური ძალების გამოყენება მოხდა; ინტენსიურობა იყო ძალიან დიდი და ხანგრძლივობა ძალიან მოკლე. ეს იყო თითქმის იგივე სცენარი, რასაც ჩვენ ჩვენი რეგიონისთვის ვითვალისწინებდით,” – განაცხადა ნორვეგიის გენშტაბის მეთაურმა.

Back to top button