ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის განახლებული ბიუჯეტი

2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც მთავრობა ”დასაქმების ბიუჯეტს” უწოდებს, რიგი ცვლილებები შევიდა, მათ შორის სოციალური დახმარებების პაკეტის 169 მლნ ლარით გაზრდის კუთხით.  მთლიანობაში მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯები 6,25 მლრდ ლარს შეადგენს.

მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, 2009 წლის იანვრიდან ასაკით პენსიონერებს 5 ლარით, ხოლო ნოემბრიდან დამატებითი 5 ლარით გაეზრდებათ პენსია. ამას გარდა, სტაჟისა და ნამსახურების დანამატი ყველა პენსიონერისთვის 10 ლარს მიაღწევს – აქამდე ეს დანამატი 2-10 ლარის ფარგლებში დიფერენცირებულად გაიცემოდა.

2009 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში, რომელიც მთავრობამ ახალი პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობრიშვილის დამტკიცების შემდეგ ხელახლა გადაამუშავა, პენსიების მატება გათვალისწინებული არ იყო.

შეზღუდული შესაძლებლობების პირების დახმარება 1 ნოემბრიდან ასევე 5 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, სიღარიბის ქვემოთ მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა 900 ათას ადამიანს მიაღწევს, თუმცა აქედან მხოლოდ 400 ათასი მიიღებს საოჯახო დახმარებას 30 ლარს, რასაც  დაემატება ოჯახის თითოეულ წევრზე 24 ლარი, ნაცვლად არსებული 12 ლარის; 200 ათასი ბენეფიციარი მიიღებს 20+16 ლარს; ხოლო 300 ათასი 10+8 ლარს. ამასთან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900-ვე ბენეფიციარი იქნება დაზღვეული.

იმავდროულად, 50 ლარით ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები – 25 ლარით 1 იანვრიდან და 25 ლარით 1 სექტემბრიდან.
 
მთავრობის პრეს-რელიზის თანახმად, 57 მილიონი ლარით იზრდება პროექტები სოფლის დასახმარებლად, მათ შორის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა იაფი კრედიტების გასაცემად სოფლის მეურნეობაში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

მომავალ წელს გზების მშენებლობისათვის 500 მლნ ლარი გამოიყოფა.

მთავრობის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება და შესაძლებელია გარკვეული სოციალური პარამეტრები კიდევ უფრო გაიზარდოს. 

This post is also available in: English

Back to top button