
დეკემბერში დიდი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა იგეგმება – კუკავა
დეკემბერში დემოკრატიული ძალები, მათ შორის რიგი წარმომადგენლები ხელისუფლებიდან, ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას გეგმავენ, განაცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 6 ნოემბერს.
მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციებს ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან და ასევე ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებთანაც მართავენ.
”შემიძლია დაგიდასტუროთ ეს,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კუკავამ. ”ზუსტ გვარებს, სახელებს და პარტიებს მე ვერ დაგისახელებთ იმიტომ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები”.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილ გაერთიანებაში, სავარაუდოდ, არ იქნება წარმოდგენილი ლეიბორისტული პარტია და ”კონსულტაციები არ მიმდინარეობს ნინო ბურჯანაძის პარტიასთან [დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო]”.
”მე გეუბნებით პრინციპს, რომ ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო პირი, საზოგადო მოღვაწე და მათ შორის სახელმწიფო მოხელეები ჩამოყალიბდებიან ერთი ორგანიზაციის სახით,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
2 ოქტომბერს კახა კუკავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან ცნობილი სახეების წამოსვლის პროცესი გაგრძელდება და კონკრეტულად დაასახელა ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის გვარები, რომლებიც მისი თქმით, ”ღამის კულუარულ შეკრებებში” მონაწილეობდნენ. მაშინ ამ განცხადებას ბარამიძემ ”არასერიოზული” უწოდა.
This post is also available in: English