
ევროკავშირის დამკვირვებლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა სურთ
ევროკავშირის მონიტორინგის მისია მთელ საქართველოს ფარავს და ევროპელი დამკვირვებლების შესვლა თვითგამოცხადებული რეგიონების შიგნით არ უნდა იყოს ”მიუღებელი”, როგორც ამას დე ფაქტო ხელისუფლებები ამბობენ, განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 5 ნოემბერს.
ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი აფხაზეთის შიგნით 4 ნოემბერს შევიდა, განუცხადა მისიის წარმომადგენელმა Civil.Ge-ს და უკანვე გამობრუნდა მას შემდეგ, რაც აფხაზურ-რუსულ საგუშაგოს მიუახლოვდა სოფელ ოტობაიას მახლობლად. ეს სოფელი გალის რაიონში, ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების ”არასანქცირებული შესვლა” აფხაზეთში ”მიუღებელია”.
”ევროკავშირის მისიის მანდატი საქართველოს ფარავს, მათ შორის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს,” – განაცხადა ჰანსიორგ ჰაბერმა 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”თუმცა, ევროკავშირის მისია არის სამოქალაქო და უიარაღო მისია. ჩვენ არ შეგვიძლია და არ გვინდა, რომ ძალით გავიკვლიოთ გზა. ჩვენ მხოლოდ იქ შეგვიძლია შესვლა, სადაც თანამშრომლობაა”.
”ჩვენი დამკვირვებლების ამოცანაა დააკაკუნონ კარებზე და მოითხოვონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა. ამიტომ, ჩვენი პატრული მიდის რუსულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საგუშაგოებთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ჩვენ მეგობრულად მივდივართ საგუშაგოების პერსონალთან, ვდილობთ კონტაქტების დამყარებას და ჩვენი მანდატის ახსნას. ჩვენ განვაგრძობთ ამ ნდობის აღდგენით სამუშაოს”.
მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალთა ინტერესებში შედის ითანამშრომლონ ევროკავშირის დამკვირვებლებთან და შეუშვან ისინი სეპარატისტული რეგიონების შიგნით.
”მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მისია დახატოს სრული და ობიექტური სურათი ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ და დაეხმაროს იქ მცხოვრებ ხალხს უსაფრთხოების გაზრდაში,” – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.