ახალი ამბები

დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან ახალ პარტიას ქმნიან

დღეს დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა ახალი – საქართველოს დემოკრატიული პარტიის შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

პარტიის თავმჯდომარე გია თორთლაძე გახდება, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ანტიკრიზისულ საბჭოსა და საპარლამენტო ფრაქცია ძლიერ საქართველოს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, პარტია მემარჯვენე ცენტრისტული იქნება და მისი დამფუძნებელი ყრილობა მოგვიანებით გაიმართება. 

”ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევთავაზოთ თვისობრივად ახალი ტიპის პარტია, რომელიც შედგება როგორც პოლიტიკური ნაწილისაგან, ასევე დარბაზისაგან [სათათბირო ორგანო], სადაც წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები,”- განაცხადა თორთლაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

პარტიის დამფუძნებელი ორივე დეპუტატი პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით მოხვდა, თუმცა მათ გაერთიანებული ოპოზიციის რიგები დატოვეს და ყოფილი თანამებრძოლების დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, უარი არ თქვეს 21 მაისის არჩევნებზე მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე.

თორთლაძეც და ცაგარეიშვილიც ერთი წლის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრები იყვნენ, თუმცა მარტში ეს პარტია დატოვეს.

Back to top button