
პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსი შეცვალა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსად წარადგინა, რომელმაც ამ პოსტზე 4 ნოემბერს ზაზა გოგავა შეცვალა.
გოგავა სასაზღვრო პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ გასულ კვირას გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა და ამ საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის მოსმენებმა ”სერიოზული ხარვეზები” გამოავლინა. მან მოუწოდა გენშტაბის ახალ უფროსს ყურადღება ხარვეზების გამოსწორებაზე გაამახვილოს.
”ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას,” – განაცხადა მან. ”არტილერიამ იდეალურად იმუშავა; ოფიცრების დიდმა ნაწილმაც კარგად იმუშავა, მაგრამ იყო რამდენიმე მეთაური, რომელთაც სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ”.
იმავდროულად, მან მადლობა გადაუხადა გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს და მიესალმა ქართული არმიის ძლიერ წინააღმდეგობას, რამაც, მისი თქმით, შეაჩერა რუსული არმიის მსვლელობა.
”ვერც ბუში, ვერც სარკოზი და მერკელი და ვერავინ მსოფლიოში ვერ შეაჩერებდნენ [რუსეთის პრემიერ-მინისტრს] ვლადიმერ პუტინს, მას რომ არ ჰქონოდა ღრმა რწმენა იმისა, რომ დახვდებოდა ქართული არმიის ძლიერი წინააღმდეგობა საქართველოს დედაქალაქისკენ მსვლელობის შემთხვევაში და საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობის შემთხვევაში”.
”მინდა ყველას შევახსენო – ისინი, ვინც ამბობენ, რომ საქართველო დამარცხდა – დამარცხება იყო 1993 წელს, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები და ეკონომიკა ჩამოიშალა და მთავრობა მთლიანად დეზორგანიზებული იყო,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ამგვარი რამ ახლა არ მომხდარა, ჩემო ძმებო და ეს არის ჩვენი ხალხის დამსახურება და თქვენი დამსახურება [მიმართა მან სამხედრო სარდლობას შეხვედრაზე].”
”[ქართული არმიის] მე-4 ბრიგადამ გაანადგურა რუსეთის 58-ე არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა და აიძულა დაჭრილი [რუსი] გენერალი, 58-ე არმიის სარდალი, გაქცეულიყო,” – განაგრძო მან. ”ის ფაქტი, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მთელი საბრძოლო მასალა და პრაქტიკულად მთლიანი შეიარაღება – თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტანკს და რამდენიმე საარტილერიო სისტემას – ის ფაქტი, რომ ჩვენ გადავარჩინეთ პრაქტიკულად მთელი შეიარაღება, თქვენი დამსახურებაა”.
”ის ფაქტი, რომ საქართველო ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ მას დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს, ის ფაქტი, რომ ჩვენი ხალხი განაგრძობს თავისუფალ არსებობას – გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა – ეს არის უპირველესად ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურება, და არავის უნდა ჰქონდეს რაიმე ილუზიები ამის თაობაზე”.
”ახლა ჩვენ გვჭირდება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია; განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ოფიცრები სხვადასხვა წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებში,” – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ სამხედრო განათლების სისტემა ახლა სწორი მიმართულებით უნდა განვითარდეს.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას დღემდე გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანამდე იგი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო. იგი 2006 წელს განათლების მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე უთხრა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობას, რომ მას გადაჭარბებულად არასდროს შეუფასებია ქართული არმიის შესაძლებლობები, რადგანაც ოთხი წლის მანძილზე შეუძლებელი იყო სრულყოფილი სისტემის აშენება.
”მე თქვენგან სასწაულებს არ ველოდი,” – განაცხადა მან. ”ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის თავდასხმა თეორიულად შესაძლებელი იყო და ზოგადად, ჩვენ ყველამ მოვახერხეთ ქვეყნის გადარჩენა”.
”მაგრამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება; საქართველოს ჰყავს ხალხი, რომელიც გამოაძევეს თავიანთი სახლებიდან; საქართველო უნდა გაძლიერდეს და საქართველო უნდა გაერთიანდეს და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საქართველო ოდესმე შეეგუება მისი ტერიტორიების ანექსიას და ოკუპაციას და ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგალიზაციას”.