ახალი ამბები

აჭარაში და თბილისში ჩატარებულ არჩევნებზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

ამომრჩეველთა 44.9% მივიდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 3 ნოემბერს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე, იტყობინება აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

არჩევნების წინასწარი შედეგები 4 ნოემბერს გახდება ცნობილი, აცხადებს კომისია. ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ აჭარის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

იმავდროულად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოქვეყნდა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო – 17:00 საათისთვის 7.5% შეადგინა. ცესკო-ს ვებ-გვერდზე 3 ნოემბერს ღამით არ გამოქვეყნებულა ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო შედეგები. კანონით არ დგინდება ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.

წინასწარი შედეგების თანახმად, ვაკის რაიონში ხმათა უმეტესობა დააგროვა ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა თამაზ კვაჭანტირაძემ. მას მოყვება პარტიის ჩვენ თვითონ კანდიდატი ლევან ასათიანი.

ხოლო დიდუბეში დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩახვაძე. მას მოყვება ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტი და ქართული დასის კანდიდატი ნათია მიქიაშვილი. თუ ეს შედეგები შენარჩუნდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ბოლო ათი წლის მანძილზე პირველი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.

შუალედური არჩევნები თბილისის ორ საარჩევნო ოლქში ვაკესა და დიდუბეში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დროს ახალი მემარჯვენეების ორმა გამარჯვებულმა კანდიდატმა დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ უარი განაცხადეს სადეპუტატო მანდატებზე. სულ 12-მა დეპუტატმა თქვა უარი მანდატებზე, თუმცა დანარჩენები პარტიული სიებით იყვნენ არჩეული. ამრიგად, მხოლოდ ამ ორ ოლქში გახდა საჭირო შუალედური არჩევნების ჩატარება.

შუალედურ არჩევნებში ასევე არ მიიღო მონაწილეობა მმართველმა პარტიამ.

Back to top button