skip to content
ახალი ამბები

საქართველო შესაძლო რუსული აგრესიის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია ”შემდგომი აგრესია” და ”[რუსეთის მიერ] განმეორებითი თავდასხმა” საქართველოზე.

”იმ ფონზე, როდესაც 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებით, რუსეთი უნდა გადიოდეს მთლიანად ახალგორის რაიონიდან, მას შემოყავს იქ დამატებითი შეიარაღება, რაც არ შეიძლება არ იწვევდეს შეშფოთებას,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 24 ოქტომბერს.

მისი თქმით, საქართველო რუსეთის შესაძლო აგრესიისთვის მზად უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზეც.

”სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვრიცხავთ რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიული ნაბიჯების განხორციელების ალბათობას,” – განაცხადა მან. ”ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქვეყნის შიგნითაც და ბუნებრივია, უნდა ძალიან გაძლიერებულ რეჟიმში ვიმუშავოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რათა ახლავე მოხდეს მათი ინფორმირება და მათში განგაშის გრძნობის გამოწვევა.”

საქართველომ განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ რუსეთმა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში თავისი ძალები 2,000-ით გაზარდა, რითიც რუსული ძალების საერთო რაოდენობამ 7,000 სამხედროს მიაღწია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ მოსკოვი რეგიონში დაძაბულობის რეესკლაციას გეგმავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 23 ოქტომბერს
სამინისტროს ინტერნეტ ფორუმზე პირდაპირ რეჟიმში კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ რუსეთს 15 ტანკი, 40 ჯავშანტრანსპორტიორი და ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი ჰყავს ახალგორის რაიონში.

კითხვაზე მოსალოდნელი იყო თუ არა შემდგომი დაძაბულობა, მან უპასუხა: ”გამორიცხული არაფერია”.

”მინდა გავიმეორო, რომ განმეორებითი თავდასხმის საფრთხე კვლვ არსებობს,” – დასძინა მერაბიშვილმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო დამატებითი ძალების გაგზავნა სამხრეთ ოსეთში და განაცხადა, რომ ეს დეზინფორმაციაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ”არასწორია”. ქართული მხარე მუდმივად ავრცელებს ასეთ მცდარ ინფორმაციას, განაცხადა მან.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და გააფრთხილა, რომ ”ცეცხლთან თამაში სახიფათოა”. მან გააკრიტიკა ევროკავშირის მონიტორინგის მისია იმის გამო, რომ ის სათანადო ყურადღებას არ უთმობს ამ საკითხს. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო უნდა იყოს ”მკაცრად განსაზღვრული” დემილიტარიზებული ზონები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან გააფრთხილა, რომ ქართული მხარის ქმედებებმა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე შესაძლოა ”სახიფათო შეტაკებები” გამოიწვიოს.

იმავდროულად, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ვერ დაადასტურებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში 2,000 დამატებითი სამხედრო შეიყვანა.

კითხვაზე შეუძლია თუ არა მას დაადასტუროს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთში 7,000 სამხედრომდე გაზარდა, რობერტ ვუდმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, უპასუხა: ”ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ როგორც თქვენ იცით, მე ნამდვილად ვიცი, რომ რუსული ძალები კვლავ რჩებიან ახალგორში და კოდორის ხეობაში”.

”და ჩვენ გვინდა, რომ ამ ტერიტორიებზე დაუყონებლივ განხორციელდეს დემილიტარიზაცია, მაგრამ რიცხვებს ვერ დავადასტურებ,” – დასძინა მან.   
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button