
ნინო ბურჯანაძის შეკითხვები – სრული ტექსტი
”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტის, ნინო ბურჯანაძის შეკითხვები ხელისუფლებას:
ომამდე
2008 წლის გაზაფხულიდან დაწყებული იყო რუსეთის მზადება საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო საომარი მოქმედებებისათვის, რომელმაც კულმინაციას ივლისში მიაღწია, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიამ ჩაატარა სამხედრო სწავლება, რომლის პირობები ითვალისწინებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ქართული სამხედრო აგრესიის მოგერიებას და მოწინააღმდეგის განადგურებას მისსავე ტერიტორიაზე. ჩამოგდებულ იქნა საქართველოს საფრენი საშუალებები, გაიზარდა რუსული სამხედრო კონტინგენტი, საგრძნობლად იმატა ანტიქართულმა საომარმა რიტორიკამ.
• რატომ ვერ განჭვრიტა საქართველოს ხელისუფლებამ მოსალოდნელი შედეგი და არ აიცილა თავიდან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან?
• რატომ არ მოხდა საქართველოს უშიშროების საბჭოზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა, ახალი საფრთხეების განსაზღვრა და მათი ნეიტრალიზაციის გზების დასახვა?
• რატომ არ განიხილავდა გაერთიანებული შტაბის სამოქმედო გეგმა რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან სამხედრო ჩარევას კონფლიქტურ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შეთხვევაში?
• რატომ არ იყო გათვალისწინებული რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების უპირატესობა?
• რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ მიუხედავად საქართველოს მეგობარი ქვეყნების არაერთი და პირდაპირი გაფრთხილებისა _ არ წამოვგებოდით რუსულ პროვოკაციას?
• კონფლიქტის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად, მიმდინარეობდა თუ არა მუშაობა ალტერნატიულ გეგმებზე და რა მიზეზით იქნა ეს გეგმები უარყოფილი?
• შეესაბამებოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004-2008 წლებში წარმოებული შეიარაღების პოლიტიკა საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს და ტაქტიკურ ამოცანებს?
საბრძოლო მოქმედებების დაწყება
დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო რუსეთის მიერ დაგებულ მახეში გაება. მთავარი საკითხია – გააკეთა თუ არა ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი, რათა ქვეყანა ამ მახეში არ გაბმულიყო.
• რა სამხედრო-პოლიტიკური მიზნით ხორციელდებოდა სამხედრო მოქმედებები: ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, ”ბანდ-ფორმირებების განადგურება”, ”ქართული მოსახლეობის სეპარტისტების აგრესიისგან დაცვა”, ”რუსული ინტერვენციის გაუვნებელყოფა”, ”სეპარატისტული რეჟიმის დამხობა”, თუ სხვა?
• ვინ და რის საფუძველზე გასცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანება, როგორ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, მოხდა თუ არა მისი განხილვა უშიშროების საბჭოზე? გაიმართა თუ არა ამ გადაწყვეტილების თაობაზე წინასწარი კონსულტაციები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, კონკრეტულად ვისთან და რა იყო მათი მოსაზრებები?
• თუ რუსეთის სამხედრო აგრესიის შეჩერება შეუძლებელი იყო, რატომ არ იზრუნა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალისა და გორის რაიონის სოფლებიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანის თაობაზე და რატომ შეატოვა ისინი რუს, ოს და ჩრდილოკავკასიელ მარადიორებს?
საბრძოლო მოქმედებების წარმოების პროცესი
მიუხედავად დახარჯული მილიარდებისა და ოთხწლიანი აქტიური მზადებისა, საბრძოლო მოქმედებების წარმოება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხერხდა. ამ დროს საზოგადოებაში გაჩნდა უფრო მეტი შეკითხვა, ვიდრე პასუხი.
• კონკრეტულად ვინ დაგეგმა, ვის დაევალა და რეალურად ვინ ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციას?
• რომელი უწყებების დანაყოფები მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის მიმართულებით, და რამდენად ეფექტური იყო მათი კოორდინაცია და ურთიერთქმედება?
• რა კომპეტენციის ფარგლებში და რამდენად ერეოდნენ სამოქალაქო პირები სამხედრო მოქმედებების წარმოებასა და მართვაში? რა კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ქ.თბილისის მერი და რის საფუძველზე მიენიჭა მას უფლება გამოეცხადებინა გადაწყვეტილება დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?
• რა კომპეტენციის ფარგლებში მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია ეთერით რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ პარტიზანული ომის წარმოებისკენ მოსახლეობას, მაშინ, როცა სამხედრო შენაერთებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული დაეტოვებინათ ტერიტორია? იყო თუ არა ასეთი მოწოდება მოსახლეობისათვის დამატებითი საფრთხის შემცველი? იყო თუ არა ასეთი გადაწყვეტილება მხარდაჭერილი უშიშროების საბჭოს მიერ და რა სამხედრო და ფინანსური რესურსი იქნა მობილიზებული მოსახლეობის დასახმარებლად?
• რა სტრატეგიულ ამოცანას ისახავდა მიზნად მთელი ძალებით შეტევა ცხინვალზე და რატომ იქნა უგულვებელყოფილი სხვა უფრო მეტად სტრატეგიული მიმართულებები სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად _ როკის გვირაბის ჩაკეტვა, სეპარატისტების მიერ მთავარი გამაგრებული პუნქტებიდან სიმაღლეების დაკავება, ჯავა, ხეთაგური, წვერიახო, ზარაბუკი, ზედა და ქვემო როკი და ა.შ.?
• რა მიზანს ემსახურებოდა და ვისი ბრძანებით მოხდა ათასობით რეზერვისტის ჩაყვანა გორში? ვინ იყო პასუხისმგებელი მათი მოქმედების გეგმაზე და ხელმძღვანელობდა მათ?
• რატომ არ იყო უზრუნველყოფილი დახურული კავშირის სისტემა ბრძოლის ველზე და რატომ ხდებოდა ბრძანებების გაცემა მობილური სატელეფონო კავშირის საშუალებით?
• ჰქონდათ თუ არა სპეცსამსახურებს ცნობა აფხაზეთი-სამეგრელოს მიმართულებით რუსული სამხედრო ნაწილების შემოჭრასთან დაკავშირებით და რატომ არ იქნა ორგანიზებული თავდაცვის ხაზი ენგურთან?
• არის თუ არა ქვეყანაში ჩამოყალიბებული სამოქალაქო თავდაცვის სისტემა და რატომ არ იმუშავა სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმებმა საბრძოლო მოქმედებების წარმოების პარალელურად?
• იყო თუ არა საფრთხის შემცველი და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემად პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ეთერში, რომ ჯარი და შეიარაღების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია და გადამალულია ტყეში?
• რატომ ვერ იმუშავა ზურგის უზრუნველყოფის სამსახურებმა და რატომ შეიქმნა რეზერვისტების უზრუნველყოფის პრობლემა ასეთ მოკლევადიან ომში?
• დადგა თუ არა იმ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მიატოვა მოსახლეობა?
უკან დახევა
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს უკან დახევა არაორგანიზებულად, პრაქტიკულად შეწყდა მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
• ვინ გასცა და რას ითვალისწინებდა ბრძანება, რომ შეიარაღებულ ძალებს არ გაეწიათ შემდგომი წინააღმდეგობა?
• უკან დახევის პროცესში იყო თუ არა განსაზღვრული ის ტერიტორიები, რომლის გადმოლახვის შემთხვევაში ქართული ნაწილები გაწევდნენ წინააღმდეგობას, თუ გადაწყვეტილი იყო სრული კაპიტულაცია?
• რატომ არ დამუშავდა უკან დახევის და მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და რატომ განხორციელდა უკან დახევის პროცესი ქაოტურად, რის შედეგადაც დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ხელში ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს?
• რატომ მოხდა ისეთი სტრატეგიული მიმართულების და საბრძოლო თვალსაზრისით თითქმის აუღებელი კოდორის ხეობის უბრძოლველად დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ იქ შსს სპეცდანიშნულების მებრძოლები იმყოფებოდნენ?
• იყო თუ არა გაცემული ბრძანება უკან დახევისას სამხედრო ტექნიკის გადარჩენის ან განადგურების შესახებ და თუ იყო, რატომ არ იქნა განადგურებული უზარმაზარი სამხედრო რესურსი, რომელიც ხელში ჩაუვარდათ მტრებს?
• რატომ არ იყო ორგანიზებული ფოთის სამხედრო-საზღვაო, სენაკის მე-2 ბრიგადის, გორის სატანკო, საარტილერიო და მე-3 ქვეითი ბრიგადის სრული ევაკუაცია და რატომ დარჩა დამპყრობელს დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამლი?
• რის საფუძველზე განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მოსახლეობას, რომ 12 საათით ადრე იგი გააფრთხილებდა ხალხს თბილისზე შეტევის შესახებ, მაშინ როდესაც რუსულ ავიაციას ნებისმიერ დროს შეეძლო იერიში მიეტანა ქალაქზე, ხოლო რუსული ტანკები იგოეთთან იმყოფებოდნენ და მაქსიმუმ ორ საათში იყო შესაძლებელი თბილისზე შეტევის განხორციელება?
• რა გეგმა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და რამდენად იყო დაცული დედაქალაქი, რომ არ ყოფილიყო დროული ჩარევა საერთაშორისო საზოგადოების (ევროკავშირი, აშშ) მხრიდან?
ომის შემდგომ
ომის შედეგად დაიწვა და განადგურდა დიდი და პატარა ლიახვის ქართული სოფლები. დევნილია ათეულათასობით ადამიანი. კიდევ უფრო მეტი დროით დაიკარგა საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი (მათ შორის, კოდორი და ახალგორი), ქვეყანას მთლიანობაში და მის ეკონომიკას მიადგა ძალზე დიდი ზიანი. გაუბედურდა უამრავი ოჯახი.
• აღიარებს თუ არა ხელისუფლება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღეს გაცილებით უფრო გართულდა ვიდრე ეს ომამდე იყო და პრობლემის მოგვარებამ გაურკვეველი დროით გადაიწია?
• ვინ უნდა აგოს პასუხი ომის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ შედეგებზე?
• მაშინ, როდესაც, უკვე დგას ასობით რიგითი ან დაბალი რანგის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ არ დგება უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა?
• ოთხდღიან ომში რატომ გვყავს დაღუპული ამდენი უცნობი ჯარისკაცი?
• რატომ დაუმალა 12 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ მასობრივ აქციაზე შეკრებილ საკუთარ მოსახლეობას, რომ კოდორი სწორედ იმ დილით დაიკავეს ოკუპანტებმა?
• მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაეწია დიდი დახმარება, რატომაა ლტოლვილების მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე?
• ვინ და რა მონაცემების საფუძველზე შეაფასა პირდაპირი ზარალი 1 მლრდ ლარად?
• რა გეგმა აქვს ხელისუფლებას თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს მის ხელთ არსებული უამრავი ეკონომიკური ბერკეტი, მათ შორის საქართველოში აშკარად თუ შენიღბულად არსებული რუსული სახელმწიფო კაპიტალის სახით?
• რატომ არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტები:
o მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს შეთანხება;
o ამ შეთანხმების განმარტებები;
o საქართველოს პრეზიდენტის წერილი ცეცხლის განუახლებლობის შესახებ;
o საქართველოს პრეზიდენტის წერილი, რომელიც მან პრეზიდენტ მედვედევს მისწერა, აფხაზეთთან დაკავშირებით (ე.წ. ,,აფხაზეთი გაყოფა” თუ სამშვიდობო გეგმა?).
• მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან სთხოვს მსოფლიოს -ფინანსურად დაეხმარონ საქართველოს, რატომ ხარჯავს ხელისუფლება მილიონობით ლარს სხვადასხვა სანახაობების მოწყობასა და Pღ აქციებზე?
• რატომ არ შექმნა ხელისუფლებამ საგამოძიებო კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და ამის ნაცვლად, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, დააკომპლექტა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის უფლებებიც ბევრად შეზღუდულია?
• რის საფუძველზე კეთდება შეფასება, რომ “გავიმარჯვეთ”, მაშინ როდესაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელთაც დაემატა კოდორის ხეობა და ახალგორი, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა სეპარატისტების კონტროლის ქვეშ?
• აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება ომში დამარცხებას და იღებს თუ არა შემდგომ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე?