
საქართველო უსაფრთხოების კონცეფციისა და სამხედრო დოქტრინის ცვლილებას აპირებს
საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს საომარი მოქმედებების გაანალიზების საფუძველზე აპირებს ცვლილებები შეიტანოს უსაფრთხოების კონცეფციასა და სამხედრო დოქტრინაში.
”სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან განხილული არ იყო, როგორც მაღალი ალბათობის მქონე საფრთხე,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ”განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს საფრთხე უკვე შედგა, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს უსაფრთხოების კონცეფციაც და თავდაცვის დაგეგმარებაც ამ საკითხებთან მიმართებაში”.
”ასეთი ცვლილებები შეგვაქვს არა მარტო ჩვენ,” – აღნიშნა მან, ”არამედ შეაქვს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებსაც, იგივე ნატოს უმეტეს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებს”.
სავარაუდოდ, ცვლილებების შედეგად, რომლის განხორციელების კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია, ძირითადი აქცენტები თავდაცვით მიმართულებებზე გააკეთდება.