
ოპოზიციის ნაწილი ოთხ მოთხოვნას აყენებს
ოპოზიციური ძალების ნაწილი აცხადებს, რომ კრიზისის განმუხტვა და მოვლენების რადიკალიზაციის თავიდან აცილება შესაძლებელია პოლიტიკური დიალოგის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გზით.
ამის შესახებ საუბარია 4-პუნქტიან მემორანდუმში, რომელსაც ხელს აწერენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, კონსერვატორების და ხალხის პარტიის ლიდერები; ასევე სტუდია მაესტროს ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი; სტუდია რეპორტიორიდან ვახტანგ კომახიძე; ექსპერტი გიორგი ხუციშვილი და ექვსი არასამთავრობოს ორგანიზაციის, მათ შორის ყოფილი პოლიტ-პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის, მრავალეროვანი საქართველოს, ადამიანის უფლებების სადოკუმენტაციო და საინფორმაციო ცენტრის, წარმომადგენლები.
კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმს ხელს არ აწერენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ”ჩვენი ძირითადი ხედვა ერთნაირია”. თუმცა მან ასევე განაცხადა, მხოლოდ ”ცალკეულ პრიციპებში არის განსხვავება”.
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიის პოზიციაა დაუყოვნებლივ გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი. სხვა საკითხებში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის შეფასებები და მოთხოვნები მემორანდუმის პათოსს მთლიანად იზიარებს.
მემორანდუმს ასევე არ შეერთებია ოპოზიციური კოალიციის კიდევ სამი პარტია: ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი და საქართველოს გზა.
მემორანდუმის პირველი მოთხოვნაა: ”მოიხსნას შეზღუდვები კერძო ტელეკომპანიების საკუთრებაზე და მაუწყებლობაზე. შეიცვალოს საზოგადოებრივი არხების ხელმძღვანელობა კომპრომისის საფუძველზე და უზრუნველყოფილ იქნეს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა”.
16 სექტემბერს პარლამენტში თავის წლიურ საანგარიშო მოხსნებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედიის მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელე-დებატებმა მუდმივი ხასიათი უნდა მიიღოს.
”ახლა ველოდებით საქმე ლაპარაკის ნაცვლად,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც პრეზიდენტის ეს ინიციატივა ოპოზიციის ”გამარჯვებად” შეაფასა.
მისი თქმით, უნდა აღდგეს დებატები ტელე-სივრცეში, ”მაესტროს” დაუბრუნდეს პოლიტიკური პროგრამების გაშვებაზე ლიცენზია, განახლდეს თოქ-შოუ Primetime, ტელეკომპანია ”იმედი” დაუბრუნდეს გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და ”მოიხსნას ყველანაირი პოლიციური ზეწოლა” მედიაზე.
მემორანდუმის მეორე მოთხოვნა, ეხება აგვისტოს მოვლენების ”დამოუკიდებელი” გამოძიების დაწყებას, რათა ”დადგინდეს მიზეზები და პასუხისმგებლები, რასაც შეეწირა საქართველოს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლე და ისტორიული ტერიტორიები”.
პრეზიდენტმა სააკაშვილი გამოძიების საპარლამენტო ფორმატში დაწყების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტში ძირითადი ოპოზიციური პარტიები არ არიან წარმოდგენილნი, ეს ინიციატივა მათთვის არაა მისაღები.
მემორანდუმის მესამე მოთხოვნაა: ”შეფასდეს საქართველოს მთავრობის საქმიანობა და დანიშვნები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პოსტებზე განხორციელდეს საზოგადოებრივი ნდობის საფუძველზე”.
კახა კუკავა განმარტავს, რომ მათი მოთხოვნაა ძალოვანი უწყებების მინისტრების შეცვლა.
მეოთხე მოთხოვნის თანახმად, უნდა იქნეს მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს. საარჩევნო კოდექსმა ასევე უნდა განსაზღვროს, ძირითადი სუბიექტების სრულ პარიტეტი საარჩევნო ადმინისტრაციაში.
” სრულიად აშკარა, რომ სააკაშვილის ერთპარტიულ რეჟიმს აღარ დარჩა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არანაირი რესურსი,”- აცხადებენ მემორანდუმზე ხელმოწერნი, ”კვლავინდებურად გრძელდება ხელისუფლების უწინდელი პოლიტიკა ანუ პროპაგანდა, რომ დამდგარ შედეგებზე არავინ არ არის პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია გარდა ხელისუფლების სატელიტებისა… არ მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ქვეყნის ანტიკრიზისულ სტრატეგიაზე და საზოგადოებას არ მიეწოდება სიმართლე მიმდინარე მოვლენებზე”.
ხელისუფლების ”არადემოკრატიულ პოლიტიკაზე” საუბრის პარალელურად, მემორანდუმი აკრიტიკებს რუსეთის დაუფარავ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.
”საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფით რუსეთის ფედერაციამ აღიარა სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობა და ინარჩუნებს საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე ევრო-კავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი გეგმის უგულებელყოფით,”- ნათქვამია მემორანდუმში.