
ერევანი გამორიცხავს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებას
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა გააკრიტიკა საქართველო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობის გამო, მაგრამ განაცხადა, რომ ერევანი არ აპირებს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარებას.
”დღეს შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს რატომ არ აღიარებს სომხეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას,”- იუწყება რადიო ”თავისუფლების” სომხეთის ბიურო სარქისიანი სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მან 3 სექტემბერს სომეხ დიპლომატებთან შეხვედრაზე წარმოთქვა, ”პასუხი მარტივია: იმავე მიზეზით, რატომაც ჩვენ არ ვაღიარეთ კოსოვოს დამოუკიდებლობა. გვაქვს რა მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, სომხეთს არ შეუძლია სხვა ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება სანამ ის თავად არ აღიარებს ყარაბახის რესპუბლიკას”.
”ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს პრობლემების სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებაში და იქ გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებაში,”- დასძინა მან. სომხეთში საგარეო ვაჭრობის 70% საქართველოს გავლით შედის.
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, რომლის წევრები არიან ასევე რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ამ ორგანიზაციის ლიდერთა სამიტი მოსკოვში 5 სექტემბერს გაიხსნება, სადაც სავარაუდოდ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების საკითხი დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება. საუბარია ორგანიზაციის მხრიდან ამ პრობლემის მიმართ ერთიანი პოზიციის შემუშავებაზე.