
პუტინი აშშ-ს ცხინვალზე იერიშის მიტანაზე თბილისის წახალისებაში ადანაშაულებს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მ არა თუ ხელი შეუშალა საქართველოს ხელისუფლებას დაეწყო საომარი მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, არამედ წაახალისა კიდეც თბილისი ცხინვალზე შეტევისთვის.
”მე ვიმედოვნებდი, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია შეეცდებოდა საქართველოს ხელმძღვანელობის აგრესიის შეჩერებას, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა,”- განაცხადა 28 აგვისტოს პუტინმა CNN-თან ინტერვიუში.
შემდეგ მან განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის უუნარობამ შეეკავებინა საქართველოს ხელისუფლება ”გააფუჭა ჩვენი ურთიერთობები”.
”მაგრამ საქმე ისაა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ არათუ ვერ მოახერხა ხელისუფლება შეეკავებინა ამ კრიმინალური აქტის ჩადენისაგან, არამედ ფაქტიურად მან აღჭურვა და გაწვრთნა ქართული არმია,”- განაცხადა მან.
”ცივი ომის დროსაც კი, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მწვავე დაპირისპირების პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ვიცილებდით თავიდან პირდაპირ შეტაკებებს ჩვენ მოქალაქეებსა და ჯარისკაცებს შორის. ჩვენ სერიოზული მიზეზები გვაქვს გვჯეროდეს, რომ საომარ ზონაში აშშ პირდაპირ იყო წარმოდგენილი. და თუ ეს ასეა, ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში ვიღაცის მიზანი იყო ამ კონფლიქტის შექმნა, რათა გაემწვავებინა სიტუაცია და შეექმნა კონკურენტული ბრძოლაში უპირატესი პირობები აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ,”- განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებები ჰქონდა მას ასეთი მწვავე ბრალდებების გასამაგრებლად, პუტინმა უპასუხა: ”მე გითხარით, რომ თუ აშშ-ის მოქალაქეების ყოფნის ფაქტები საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის ტერიტორიებზე დადასტურდა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ისინი იქ მხოლოდ თავიანთი ხელისუფლების უშუალო მითითებით შეიძლება ყოფილიყვნენ და თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი მოქალაქეები საომარ ზონაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ და მათ ამის გაკეთება შეეძლოთ მხოლოდ ლიდერების პირდაპირი დავალებით და არა თავისი ინიციატივით”.
”ჩვეულებრივ ექსპერტებს, თუ ისინი სამხედრო საკითხებში წვრთნებს ატარებდნენ, ეს უნდა გაეკეთებინათ არა საომარ ზონაში, არამედ საწვრთნელ ცენტრებში. ვიმეორებ, ამას გადამოწმება სჭირდება; მე ამას მხოლოდ ჩვენი სამხედროს ნათქვამზე დაყრდნობით ვამბობ”.
თეთრმა სახლმა უარყო რუსეთის პრემიერ-მინისტრის ბრალდებები და მას ”აშკარა სიცრუე” უწოდა.
”ეს ნიშნავს, რომ მისი თავდაცვის ოფიციალური პირები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ეს სიმართლე ჰგონიათ, მას ძალიან ცუდ რჩევას აძლევენ,”- განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა პერინომ 28 აგვისტოს.
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ”კარგადაა ცნობილი” ვინ დაეხმარა საქართველოს ხელისუფლებას და ”წაახალისა კიდეც” ისინი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში.
მედვედევმა ეს განცხადება ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გააკეთა, სადაც მან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ორგანიზაციამ, რომელიც აერთიანებს ჩინეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს, შეხვედრის დასკვნით დეკლარაციაში განაცხადა: ”შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას სამხრეთ ოსეთის საკითხის ირგვლივ უკანასკნელი პერიოდის დაძაბულობის გამო და მოუწოდებენ მხარეებს გადაჭრან არსებული პრობლემები მშვიდობიანად, დიალოგის გზით და ეცადონ წინ წაწიონ შერიგების და მოლაპარაკებების პროცესი”.
თუმცა დეკლარაცია ასევე მიესალმა რუსეთის ”პოზიტიურ როლს” რეგიონში მშვიდობის ხლის შეწყობის საქმეში.
”შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერები მიესალმნენ ექვს-პუნქტიან წინადადებას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელიც მიღწეული იქნა მოსკოვში 12 აგვისტოს და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა რუსეთის პოზიტიური როლის მიმართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში,”- ნათქვამია დეკლარაციაში.