ახალი ამბები

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა

საქართველო სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად აცხადებს, ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც 28 აგვისტოს პარლამენტმა 106 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

”რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ სამშვიდობო ძალები, გამოცხადდნენ საოკუპაციო-საჯარისო შენაერთებად,”- ამბობს დადგენილება, ”ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გამოცხადდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად”.

ამ ფორმულირებით ოკუპირებულად ითვლება თბილისის მიერ 7 აგვისტომდე კონტროლირებადი ტერიტორიებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

”ოკუპირებულად ვაღიარებთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც დე იურედ ნაცნობი არის [დამოუკიდებლად] რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება იმ [ქართულ] სოფლებს და ქალაქებს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთები იმყოფებიან, იქ სამხედრო შენაერთები არიან გამოცხადებული, როგორც ოკუპანტი ჯარი,”- განმარტა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას გააუქმოს ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც რუსული ჯარების სამშვიდობო სტატუსით ყოფნას განსაზღვრავს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში.

”საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს რა რომ საქართველო უნდა დარჩეს 12 აგვისტოს ევროკავშირის და საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარედ, ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა სხვა სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნას ითვალისწინებს და რომლებიც თავად რუსეთის ფედერაციის ქმედებებით იქნა დელეგიტიმირებული,”- ნათქვამია დადგენილებაში.

პარლამენტი ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთიერთობები რუსეთთან. საქართველომ ამ მიმართულებით უკვე გაატარა გარკვეული ზომები და მინიმუმამდე შეკვეცა ეს ურთიერთობები.

თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 აგვისტოს ”როიტერთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებით მიანიშნა, რომ ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.

”ეს მხოლოდ დეტალებია და მე ახლა არ მოვახდენდი ამ საკითხზე ფოკუსირებას, რომელიც ჩვენი [რუსეთთან] ორმხრივი ურთიერთობის საკითხია,” – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში ”უკვე გასცდა ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს.”

პარლამენტის სხდომაზე საუბრისას დეპუტატმა ლაშა ჟვანიამ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, საერთაშორისო კონვენციები შესაძლებლობას აძლევს თბილისს საკონსულო ფუნქციების განხორციელება, რაც მნიშვნელოვანია რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, თხოვოს მესამე სახელმწიფოს საელჩოს მოსკოვში, რასაც ასევე უნდა დაეთანხმოს რუსეთი.

და ბოლოს, საქართველოს პარლამენტი ავალებს ”საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტები”.

დადგენილება საუბრობს 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და ამა წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით კონფლიქტურ რეგიონებში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკური წმენდის ორ ტალღაზე.

დადგენილება, რომელიც საქართველოში მომხდარი მოვლენების პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, შესავალ ნაწილში მიმოიხილავს 90-იანი წლებიდან მოყოლებულ მოვლენებს, რომლებიც აღწერს რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებს საქართველოს ”განუყოფელი” ტერიტორიების მისატაცებლად, რაც 25 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით დაასრულა.
 
დეპუტატმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ ამ ”ისტორიული” დადგენილების მიღებით დაიწყება რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნის ”დასასრულის დასაწყისი”.  მისი თქმით, ამ ბრძოლაში საქართველო მარტო არაა.

”დღეს თავისუფალი სამყარო საქართველოსთან ერთად ამბობს, რომ თუ რუსეთი არ მოეგო გონს და აბსოლუტურად შეშლილ, დანაშაულებრივ ქმედებებზე არ აიღო ხელი, ის არა მხოლოდ დაიშლება, როგორც საბჭოთა კავშირი, ის დაინგრევა, როგორც კართაგენი,”- განაცხადა რურუამ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

Back to top button