
აშშ მზად არის საქართველოსთან გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის
ამერიკის შეერთებული შტატები მზადა საქართველოს გაუწიოს გრძელვადიანი ეკონომიკური დახმარება, განაცხადა დღეს თბილისში რუბენ ჯეფრიმ, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ, ენერგეტიკის და აგრარულ საკითხებში.
მისი თქმით, აშშ უკვე უწევს დახმარებას საქართველოს ჰუმანიტარული ტვირთებით და ასევე აპირებს წვლილი შეიტანოს საომარი მოქმედებების შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციაში.
”ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობასთან ერთად იმ ეკონომიკური საჭიროებების შეფასება, რაც სჭირდება დღეისთვის საქართველოს,” – განაცხადა რუბენ ჯეფრიმ 27 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 1 მილიარდი აშშ დოლარია ზარალი, რომელიც საომარმა მოქმედებებმა საქართველოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიაყენა, განაცხადა პრემიერმა ლადო გურგენიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ”საქართველო დარჩეს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად”.
იმავდროულად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ეკა შარაშენიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს აეროპორტები, გზები, პორტები, რკინიგზა უკვე გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს.
”ამ ეტაპზე ყველანაირი სურსათის გადაზიდვა, ყველანაირი ბიზნესის მოქმედება არის გამართული და არანაირი შეფერხება არ ექნება,”- განაცხადა მან.