ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთის ”სტრატეგიულ” შეცდომებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა:
• ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთიანობა;
• ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გასცეს პასუხი;
• რუსეთის იმპერიალიზმის აღმავლობა საქართველოში დასრულდა;
• საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 აგვისტოს მოსახლეობისადმი თავის სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა ”წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა” დაუშვა საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებით და ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გასცეს მას პასუხი. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი ”სიმშვიდისა და ერთიანობის შენარჩუნება” და ნატოში შემდგომი ინტეგრაციის გაგრძელება იქნება.

სააკაშვილმა ეს განცხადება რამდენიმე საათში გააკეთა მას შემდეგ, რაც მისმა რუსმა კოლეგამ დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სააკაშვილმა ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც ”წარმოუდგენელი უკანონობა”.

”მინდა, ერთი რამ გვესმოდეს, რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი არის მთლიანად უკანონო, მას არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი სამყაროსთვის არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია,”- განაცხადა მან.

თავის 20-წუთიან გამოსვლაში, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ დიდ საერთაშორისო მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ კრიზისის შედეგად მიიღო.

”დღეს, გუშინ და ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ დაუშვა წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომები, მან წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ პოზიციას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, თანამედროვე მსოფლიო ისტორიისა და თანამედროვე მსოფლიო ურთიერთობების მხრივ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ბოლო კვირების განმავლობაში კი, საქართველომ მიიღო იმდენად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და სოლიდარობა მთელი თავისუფალი სამყაროს საზოგადოების მხრიდან; იმდენად ბევრი ქვეყანა დაირაზმა ჩვენი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ირგვლივ, რომ მარტო ამას ორასი წელიც ვერ შევძლებდით, რომ არა რუსეთის მხრიდან დაშვებული შეცდომები”.

”დღეს საქართველოში რუსული იმპერიალიზმის ხელახლა აღორძინების დასაწყისის დასასრული დაიწყო,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, თუ აქამდე საქართველომ ვერ დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რომ რუსეთი არ არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა და ის მხარეს წარმოადგენდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, საქართველომ ახლა უკვე მოახერხა ამ თემის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოქცევა. 

”ახლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს თავისუფლების დაცვის საკითხი არც შიდა ქართული ამოცანა აღარ არის და არც თუნდაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა,”- განაცხადა მან, ”ეს საკითხი რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის უნდა გადაწყდეს”.

”საერთაშორისო წესრიგის მიმართ ამ თავხედურ გამოწვევაზე, იმაზე, რაც სტალინისა და ჰიტლერის შემდეგ ევროპას ვერავინ ვერ უბედავდა, რუსეთი მიიღებს პასუხს იმ ევროპისაგან და თავისუფალი სამყაროსგან, რომელსაც კარგად ახსოვს წარსულის ძალიან მწარე და შემაშფოთებელი გაკვეთილები,” – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პასუხი ”რუსეთის წარმოუდგენელ თავხედობაზე, აგრესიასა და უკანონობაზე, არის სიმშვიდე, ერთიანობა, გაერთიანება, განვითარება და გაძლიერება”.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან უკვე თხოვა დასავლეთის ლიდერებს ”საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში და ევროპის კავშირთან, რათა არ განმეორდეს წარსული შეცდომები.

”ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული სიგნალები ამ მიმართულებით,”- განაცხადა მან, ”საქართველოს ეკონომიკური აღორძინების, მისი ფეხზე დაყენების და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, უკვე მივიღეთ სერიოზული დაპირება და რამდენიმე კონკრეტული პროგრამა. საქართველო იქნება ძლიერი არა მხოლოდ ეკონომიურად, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც”.

 

Back to top button