ახალი ამბები

თბილისმა ჟურნალისტები და დიპლომატები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩაიყვანა

ქართულმა მხარემ დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უცხოელი ჟურნალისტები ჩაიყვანა, რათა დაენახვებინა მსოფლიოსთვის, რომ იქ დამატებითი კონტინგენტის შეყვანას და შეიარაღების ზრდას ადგილი არ ჰქონია.

”აქ ჩამოსვლის მიზანი იყო მიგვეცა შესაძლებლობა დიპლომატიური კორპუსისთვის და საერთაშორისო პრესისთვის, ბუნებრივია ქართველი ჟურნალისტებისთვის, საკუთარი თვალით ენახათ და არ დაყრდნობოდნენ ოფიციალური თბილისის სიტყვებს,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ. ”როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვემზადებით ომისთვის, ჩვენ არ ვემზადებით ომისთვის. არც ერთ ქართულ პოსტზე არ არის გაძლიერებული შეიარაღება, არ არის არანაირი დამატებითი კონტინგენტი გადმოყვანილი”.

ჯგუფის წევრი ასევე იყო რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უჩვენა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება რუსეთის ელჩი ქართველ ქალბატონს, ადგილობრივ მკვიდრს, რაც შემდეგ რუს დიპლომატსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს შორის ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.

”არ ვიცი, რა მოხდებოდა სამშვიდობოები რომ არ იყვნენ აკ; იქნებოდნენ თქვენი ბავშვები აქ? ამიტომ, ნუ ლანძღავთ სამშვიდობოებს,” – მიმართა კოვალენკომ ქართველ ქალბატონს.

”მაგრამ სად არიან სამშვიდობოები, როდესაც ჩვენი სოფლები იბომბება,” – ჰკითხა ქალბატონმა.

კოვალენკომ უპასუხა: ”გენერალმა [მარატ] კულახმეტოვმა [შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი] საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა”. 

ამ დროს საუბარში ჩაერია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და მიმართა კოვალენკოს: ”ნუ ასულელებთ ხალხს”.

”მე თქვენ არ გესაუბრებით, მე უკვე მოგისმინეთ ტელევიზიით; ნება მომეცით ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრო,” – უპასუხა ელჩმა.  

Back to top button