skip to content
ახალი ამბები

კარასინი თბილისში იმყოფება

4 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე თბილისში ვიზიტად მყოფ რუს კოლეგას გრიგორი კარასინს შეხვდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების პრობლემატიკა განიხილა.

ვაშაძე და კარასინი შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადების მიზნით.

”საქართველოს მხარემ მკაფიოდ და მკაცრად დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების მიმართ,”- აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება, ”რუსეთის მხარის ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან სისტემატურად აქვს ადგილი შეიარაღებულ პროვოკაციებს ორმხრივი კონსულტაციების ან უცხოელი დიპლომატების მნიშვნელოვანი ვიზიტების წინ”.

7-9 ივლისს საქართველოს ეუთო-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების დელეგაცია ეწვევა.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ მათ ჩამოსვლამდე განხორციელდა ”ტერორისტული თავდასხმები” ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი სანაკოევზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თავდასხმას ”ინსცენირებული” უწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button