ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში სროლებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, იუწყება სეპარატისტული ხელისუფლება. 

ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ერთი მილიციელი გარდაიცვალა და ერთი ადამიანი დაიჭრა ღამის სროლების დროს, კერძოდ კი სოფელ უბიათის მილიციის პოსტზე შეტევის შედეგად.

ინციდენტი მოჰყვა თვითგამოცხადებული რეგიონის დედაქალაქის დაბომბვას, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიჭრა, განაცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ. მათი თქმით, სროლები მიმდინარეობდა ნაღმტყორცნებიდან.

იმავდროულად, ქართული მხარე აცხადებს, რომ მას მოუწია საპასუხო ცეცხლის გახსნა მას შემდეგ, რაც თბილისის მიერ კონტროლირებადი სოფლები ოსურმა მხარემ დაბომბა.

კონფლიქტის ზონაში სროლებმა ინტენსიური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც 3 ივლისს დილით სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მილიციის უფროსი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა; ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში აფეთქდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მანქანა, რის შემდეგაც მის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, სანაკოევის დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა.

თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და გააფრთხილა, რომ კონფლიქტის ზონაში მძიმე შეიარაღებას განალაგებს, თუ განმეორდება შეტევები. მძიმე ტექნიკის განლაგება შეთანხმებით იკრძალება კონფლიქტის ზონაში, რომელიც ცხინვალიდან 15 კმ-იან რადიუსში შემავალ ტერიტორიებს მოიცავს.

Back to top button