
ახალი ამბები
სოჭსა და გაგრას შორის საზღვაო მიმოსვლა აღდგა
რუსეთის ქალაქ სოჭიდან მომავალი 250-კაციანი სამგზავრო კატარღა 1 ივლისს რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის აღსანიშნავად გაგრის სანაპიროს მიადგა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.
თუმცა, ინფორმაცია გემბანზე ტურისტების რაოდენობის თაობაზე არ ვრცელდება. კატარღა სოჭში განთავსებულ რუსულ კომპანიას ”ოლიმპ-ლაინს” ეკუთვნის.
აფხაზური და რუსული საინფორმაციო საშუალებების თანახმად, კატარღა გაგრასა და სოჭს შორის დღეში ოთხ რეისს შეასრულებს, ხოლო ბილეთის ფასი 800-1 200 რუბლის ფარგლებში იქნება (34-51 აშშ დოლარი).
სოხუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლა 2003 წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს მარშრუტი კომერციულად არ იყო მომგებიანი.