
ეროვნული ბანკის 100-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ბანკმა 100-მდე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.
ეროვნულ ბანკს სულ 500 თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის რეგიონალურ ოფისებში.
”თანამშრომლების შემცირება არის ბანკის რეორგანიზაციის შედეგი, რომელიც არის იმ საკანონმდებლო ცვლილების შედეგი, რომელიც პარლამენტმა მარტში მიიღო,” – განაცხადა ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა 30 ივნისს. ”ეროვნული ბანკის ორი ძირითადი პრიორიტეტი ამ ცვლილებამდე იყო: მონეტარული პოლიტიკა და საბანკო სისტემის ზედამხედველობა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ეს ბოლო ფუნქცია ბანკს მოეხსნა. შედეგად ამან გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება. ეს იყო მასობრივი შემცირება – დაახლოებით 100-მდე. ყველა ის ადამიანი, ვინც სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული – მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარდა – მიიღებს უპრეცედენტო კომპენსაციას 20 000-დან 30 000 ლარამდე”.
ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ამ საჯარო განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ბანკის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ განაცხადეს, რომ გათავისუფლების მიზეზი არ იცოდნენ.
თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ თანამშრომლებს ერთი თვით ადრე ეცნობათ დაგეგმილი რეორგანიზაციის თაობაზე.