ახალი ამბები

სააკაშვილი მერკელთან შეხვედრის შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ”ბევრად უკეთესი შეხვედრა” ჰქონდა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან 25 ივნისს ბერლინში, ვიდრე იგი მოელოდა.

”უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი იქედან გამომდინარე, თუ რამდენად კარგად იცნობს ის ჩვენს პრობლემატიკას და რამდენად არის ჩართული ამ პროცესებში,” – განაცხადა მან სატელევიზიო პრესკონფერენციაზე საუბრისას 27 ივნისს.

”გერმანია დღეს ევროპის ლიდერი სახელმწიფოა,” – განაგრძო მან. ”თქვენ იცით, რომ ნატო-სთან დაკავშირებით გერმანიასთან უთანხმოება გვქონდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს მთავარ საკითხს – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გერმანიას უკიდურესად მყარი პოზიცია აქვს და სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს”.

სააკაშვილთან ბერლინში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნატოში მისწრაფების შესახებ დასმულ კითხვაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უპასუხა, რომ საჭიროა წინსვლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს საქართველოს წუხილებს რუსეთის მიერ აფხაზეთში ბოლო დროს განხორციელებული ქმედებების გამო, თუმცა, ნათლად მიანიშნა, რომ რუსი სამშვიდობოები უნდა დარჩნენ რეგიონში, სანამ მათი ალტერნატივა მოიძებნება. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა 27 ივნისის პრეს-კონფერენციაზე, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ორი ძირითადი კრიტერიუმი არსებობს: არჩევნები და კონფლიქტები.

”ზოგიერთი რუსული პოლიტიკური ფიგურის გარდა ყველამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები მთლიანობაში კარგად ჩატარდა,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”მეორე საკითხი კონფლიქტებს შეეხება. ჩვენ აღარავინ გვეუბნება, რომ ეს საკითხი თავად გადაწყვიტეთ და შემდეგ მოგვაკითხეთო. ამ საქმეში ყველა ჩართულია. ევროპის ყველა მთავარი სახელმწიფო მიხვდა, რომ ეს მათი პრობლემაცაა”.

მისი თქმით, საქართველომ წარმატებით მოახერხა მთელი მსოფლიოს ფეხზე დაყენება არსებული ”ბინძური პროვოკაციების” წინააღმდეგ. 

”ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში [9 ივლისს] საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში გავალღვოთ ყინული”.

”გარკვეული იმედისმომცემი ტონი რუსეთის ახალ პრეზიდენტთან კონტაქტებში შეიმჩნევა, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ველით სიტუაციის შეცვლას უშუალოდ ჩვენ კონფლიქტებთან და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

Back to top button