
ვარშავაში საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ვარშავაში გაემგზავრა, სადაც 25 ივნისს საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ახალი მეგობრები განიხილავენ საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი გაუძღვება შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რადუტა მატაკე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ფრანკ ბელფრაგე, ასევე ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა.
შეხვედრაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელები ასევე შეხვდებიან პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის.
საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი შეიქმნა 2005 წლის თებერვალში საქართველოს ინიციატივით. მასში გაერთიანდნენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. 2006 წელს მას შეუერთდა ჩეხეთის რესპუბლიკა.