ახალი ამბები

ხაჯიმბა კოდორის შესაძლო ძალისმიერ დაბრუნებაზე საუბრობს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ მისი აზრით, შესაძლოა ძალის გამოყენება გახდეს საჭირო ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლის დასამყარებლად, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.

”ჩვენ პრობლემები გვექნება იქ [კოდორში], სანამ ქართული ძალები – იქნებიან ესენი სამხედრო შენაერთები თუ სხვა ტიპის შენაერთები – დარჩებიან ხეობაში,” – განუცხადა მან აფხაზ ჟურნალისტებს 20 ივნისს. ”კოდორის ხეობა ჩვენი ტერიტორიაა და – მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა – საბოლოოდ ჩვენ შესაძლოა ამ საკითხის გადაწყვეტა ძალის გამოყენებით მოგვიწიოს; სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”.

ხაჯიმბა თვითგამოცხადებული რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიღწეული შეთანხმების საფუძელზე გახდა. 2004 წლის ბოლოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხაჯიმბას კანდიდატურას მოსკოვი უჭერდა მხარს. საკამათო არჩევნები და შემდგომი პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში 2004 წლის დეკემბრის ბოლოს და 2005 წლის იანვრის დასაწყისში დასრულდა ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების გაყოფის თაობაზე შეთანხმებით. ბაღაფში პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტი.

20 ივნისს პრესკონფერენციაზე საუბრისას ხაჯიმბას მოუწია პასუხის გაცემა ბაღაფშის მხარდამჭერი გავლენიანი აფხაზური პოლიტიკური ჯგუფების მისი მისამართით გაკეთებულ რამდენიმე მწვავე განცხადებაზე.

დაპირისპირება თვის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ორგანიზაცია ”არუაა”-მ, რომელიც 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის ვეტერანებს აერთიანებს, თავის ყრილობაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც აფხაზეთის ხელმძღვანელობა ”მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის” გამო გააკრიტიკა და მოუწოდა ყურადღება გაემახვილებინათ რუსეთთან ახლო ურთიერთობებზე. ყრილობას ასევე ესწრებოდა რაულ ხაჯიმბა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრია. 

ამის საპასუხოდ, ვლადიმერ ნაჩაჩმა, რომელიც კიდევ ერთი გავლენიანი ორგანიზაციის ”ამცახარას” თანათავმჯდომარე და ბაღაფშის მომხრეა, განაცხადა ხაჯიმბას მისამართით, რომ ”ამორალურია” იმ ხელისუფლების გაკრიტიკება, რომელსაც თავად წარმოადგენ.

”[ძალაუფლების გაყოფის თაობაზე] 6 დეკემბრის შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი, რომ მე უნდა შევიცვალო დამოკიდებულება ჩემი მხარდამჭერების მიმართ, ან უნდა შევიცვალო ჩემი პოლიტიკური შეხედულებები,” – განაცხადა ხაჯიმბამ 20 ივნისის პრესკონფერენციაზე.

”ჩემი ყოფნა ხელისუფლებაში არ გულისხმობს, რომ ჩემი აზრი არ უნდა მქონდეს, ან სხვის დაკრულზე ვიმღერო. დიახ, არსებობს პრობლემები და სირთულეები, რომლებიც უკავშირდება გაუგებრობებს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, მაგრამ პრობლემები შიგნიდან უნდა მოგვარდეს,” – განაცხადა მან.

აფხაზეთის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკის გაკრიტიკებისას ”არუაა”-მ განაცხადა, რომ ახლანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი ”სახიფათოა” და გამოიწვევს მოლაპარაკებების ფორმატების შეცვლას და რუსეთთან ურთიერთობების ჩაშლას.

”რასაც არ ვაკეთებთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამჭირვალედ და ამაში ვეთანხმები ”არუაა”-ს,” – განაცხადა ხაჯიმბამ, ”ჩვენ პოლიტიკა პრო-აფხაზური უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ მას მრავალვექტორული მიმართულება მივცეთ. ჩვენ ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე, ვინაიდან ეს საკითხი ჩვენ თავზე მოგვახვიეს”.

მან ასევე განაცხადა, რომ არავის, რუსეთის გარდა, არ სურს აფხაზეთის დაცვა. ”რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესის მოგვარებაში დაგვეხმაროს და სამშვიდობო გზაზე დაგვაყენოს,” – დასძინა ხაჯიმბამ.

 

Back to top button