
ქართულმა მხარემ სამშვიდობოებს მანქანა დაუბრუნა, იარაღი არა
ქართველმა სამართალდამცავებმა რუს სამშვიდობოებს გადასცეს ”ურალის” ტიპის ავტომანქანა, რომელიც ორი დღის წინ საბრძოლო მასალებთან ერთად იქნა ჩამორთმეული ზუგდიდში. თუმცა თბილისი არ ჩქარობს 20 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის დაბრუნებას გამოძიების დასრულებამდე.
სააგენტო AFP 19 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართული მხარე ცდილობს გაარკვიოს საიდან მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები.
”დაკავებული საბრძოლო მასალები არ დაბრუნდება, სანამ გამოძიება არ დასრულდება,” – განუცხადა უტიაშვილმა სააგენტოს, ”ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა ეს როდის მოხდება”.
ოთხი რუსი სამშვიდობო ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდის რაიონში 17 ივნისს მაშინ დააკავეს, როცა მათ აფხაზეთიდან გადმოჰქონდათ საბრძოლო მასალები. თუმცა სამშვიდობოები მალევე, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამ შემთხვევას მოჰყვა 18 ივნისს სატელეფონო საუბარი საქართველოსა და რუსეთი პრეზიდენტებს შორის, რომლის დროსაც დიმიტრი მედვედევმა განუცხადა მიხეილ სააკაშვილს, რომ დაუშვებელია რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციები.