
პარლამენტი ორი ახალი ელჩის კანდიდატურას განიხილავს
პრეზიდენტმა პარლამენტს ორი ყოფილი დეპუტატის კანდიდატურები წარუდგინა ელჩებად დასამტკიცებლად.
კონსტანტინე გაბაშვილის კანდიდატურა განიხილება იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. გაბაშვილი აღნიშნულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა წინა მოწვევის პარლამენტში, მანამდე კი საქართველოს ელჩი იყო გერმანიაში.
რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში ელჩად ასევე ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან მეტრეველია წარდგენილი.
19 ივნისს, მოგვიანებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესები კომიტეტი გაერთიანებული ოპოზიციის იმ 11 დეპუტატის განცხადებებს განიხილავს, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ და უარს ამბობენ ”არალეგიტიმურ” პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე.
დღესვე ანალოგიური განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხმა ლეიბორისტმა დეპუტატმა, მათ შორის შალვა ნათელაშვილმა მიმართა მას შემდეგ, რაც 18 ივნისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო სია გააუქმა. ლეიბორისტებს პარლამენტის მანდატების დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა 7 დღის განმავლობაში შეუძლიათ.