
ზუგდიდში რუსი სამშვიდობოები დააკავეს
სულ ცოტა ოთხი რუსი სამშვიდობო დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდის რაიონში 17 ივნისს.
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსი სამშვიდობოები იმის გამო დააკავეს, რომ მათ უნებართვოდ გადაჰქონდათ აფხაზეთიდან შეიარაღება ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში განთავსებულ რუსულ საგუშაგოზე.
მათი თქმით, შეიარაღებას შორის იყო ფაგოტის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი და ასევე უმართავი საჰაერო რაკეტები.
”ეს ყველა შეთანხმების დარღვევაა,”- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, ”მათი მცდელობაა შექმნან გარკვეული ბაზა ურთაში, რაც შეთანხმებების დარღვევაა. ჩვენ შესაბამის ზომებს მიიღებთ მომავალშიც, თუ მსგავს შემთხვევებს ექნება ადგილი”.
ქართულმა ტელევიზიებმა აჩვენეს კადრები, სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უშიშროების თანამშრომლებმა და რამდენიმე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გადმოიყვანა რუსი სამშვიდობოები სატვირთო მანქანიდან, აიძულა მიწაზე დაწოლა, შემდეგ კი პოლიციის მანქანებში ჩასხდომა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოთხი რუსი სამშვიდობო დააკავეს. თავდაპირველად, ქართულi მხარე იტყობინებოდა, რომ 14 სამშვიდობო იყო დაპატიმრებული.
რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწემ იგორ კონაშენკოვმა ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების დაკავება იყო არსებული შეთანხმებების დარღვევა. მისი თქმით, რუს სამშვიდობოებს გადაჰქონდათ შეიარაღება სოფელ ურთაში განთავსებულ საბაზო ბანაკში.