ახალი ამბები

ლეიბორისტები სადეპუტატო მანდატებს ტოვებენ

ლეიბორისტული პარტია ოფიციალურად ამბობს უარს პარლამენტში შესვლაზე და აუქმებს თავის საარჩევნო სიას, რათა ბიოკოტის მონაწილე ოთხი ლეიბორისტი დეპუტატის ადგილი არავინ დაიკავოს, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 16 ივნისს.

”ეს არის სავსებით ადექვატური რეაქცია იმ ძალადობაზე, ავაზაკობაზე და ბოროტმოქმედებაზე, რაც კიდევ ერთხელ ჩაიდინა ხელისუფლებამ არჩევნების დროს,” – განაცხადა ნათელაშვილმა 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე შესაბამისი განცხადებები დაწერეს შალვა ნათელაშვილმა, იოსებ შატბერაშვილმა, კახა ძაგანიამ და გიორგი გუგავამ.

”იმის გამო, თქვენმა ბრძანებელმა მიხეილ სააკაშვილმა სპეცსამსახურების, ჯარის, პატიმრების, კრიმინალიტეტის, გაყალბებების, ძალადობის, მოსყიდვის, შანტაჟის და მასობრივი ტერორის გზით ა.წ. 21 მაისს კვლავ ჩაიდინა არჩევნების მსოფლიო მასშტაბით არნახული ფალსიფიცირება და ამის შედეგად, თქვენ სახელმწიფო გადატრიალებით, ანტიკონსტიტუციურად და უკანონოდ დაიკავეთ ის შენობა, სადაც ზიხართ, ჩვენ არ ვცნობთ თქვენს ლეგიტიმურობას, არ გვაქვს თქვენთან ყოფნის სურვილი და გამოვდივართ თქვენი პარტიული, მთავარი შტაბის [პარლამენტის] შემადგენლობიდან,”- ნათქვამია დავით ბაქრაძის სახელზე დაწერილ განცხადებაში.  

ეს ნაბიჯი ლეიბორისტულმა პარტიამ გადადგა სამი დღის შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობამ თავიანთი მანდატების დატოვებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს. 13 ივნისისთვის ლეიბორისტული პარტია აცხადებდა, რომ მისი დეპუტატები არ შედიოდნენ პარლამენტში, თუმცა იმავდროულად არ აპირებდნენ შესაბამისი განცხადებების დაწერას.

ლეიბორისტებმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე 7.44% მიიღეს და პარლამენტში სულ 6 დეპუტატი გაიყვანეს, თუმცა ორმა მათგანმა – ნუგზარ ერგემლიძემ და რამაზ თედორაძემ თავიდანვე არ გაიზიარეს პარტიის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით და შევიდნენ პარლამენტის პირველივე სხდომაზე.

ახალი მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან სულ 31 დეპუტატი გავიდა, თუმცა ნახევარზე მეტმა – 16 დეპუტატმა უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელებაზე.  ნაციონალურ მოძრაობას 119 მანდატი აქვს.

იმავდროულად, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 16 ივნისს მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს უარი თქვან ბოიკოტის ტაქტიკაზე. ბაღათურია იმ ხუთ დეპუტატს შორისაა, რომელთაც დატოვეს ოპოზიციური კოალიცია და ახალ პარლამენტში შევიდნენ. ბაღათურიამ განაცხადა, რომ ის აპირებს მოითხოვოს სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს გამოიძიებს.

Back to top button