
ცხინვალის რეგიონში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა, ოთხი კი დაშავდა
ცხინვალში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ქართულ და სამხრეთ ოსურ ძალებს შორის მომხდარი სროლების შედეგად 14-დან 15 ივნისის ღამეს.
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, სროლა შაბათს ღამით დაიწყო, როდესაც ცხინვალს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან, ერგნეთიდან და ნიქოზიდან, ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 15 ივნისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსურ ძალებს პასუხის გაცემა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ 14 ივნისს ადგილობრივი დროით 23:20 საათზე ცხინვალის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ცეცხლი გახსნა.
მისი თქმით, ურთიერთსაპასუხო ცეცხლი დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა, რამდენიმე მოკლევადიანი ინტერვალით.
საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იტყობინება შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით, რომ სროლა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა.
ცხინვალი ადგილობრივ საავადმყოფოში სერიოზულად დაშავებული ქალი და ორი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს; ერთ-ერთი მამაკაცი მოგვიანებით 15 ივნისს გარდაიცვალა. კიდევ ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
თუმცა, ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო, რომ სროლების დაწყების ინიციატორი იყო და განაცხადა, რომ მის ძალებს პასუხის გაცემა მოუწიათ სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ ქართული სოფლების – ერგნეთის, ნიქოზის და ფრისის მიმართულებით გახსნილ ცეცხლზე.
ქართული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქართულ სოფლებში არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე სახლი დაზიანდა.
ცალკე მომხდარი ინციდენტის დროს 14 წლის ბიჭი დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად. ნაღმი 14 ივნისს სოფელ ერგნეთის მახლობლად მდებარე მინდორში აფეთქდა.