
მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილთან დიალოგს განაგრძობს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და მმართველი პარტიის კიდევ რამდენიმე დეპუტატი 11 ივნისს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილებოდა ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმის მოთხოვნები, რომლებიც, პარტიის განცხადებით, უკეთეს პირობებს შექმნის ოპოზიციის საქმიანობისთვის ახალ პარლამენტში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე – ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები, დეპუტატები პაატა დავითაია და დიმიტრი ლორთქიფანიძე პარტიიდან ”ჩვენ თვითონ” (ორივე დეპუტატი პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა, თუმცა არჩევნების შემდეგ მალევე დატოვეს კოალიცია). ბაქრაძის გარდა, მმართველ პარტიას წარმოადგენდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, ასევე დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და გივი თარგამაძე.
ბაქრაძის თქმით, კონსულტაციების დაწყება თავისთავად ”დადებითი ნაბიჯია”. ”არის პუნქტები [მემორანდუმში], რომლებიც ადვილად შესათანხმებელი და ადვილად განსახორციელებელია. მაგრამ არის საკითხები, რომელთაც დამატებითი კონსულტაციები სჭირდება და რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებზეც შეუძლებელია შეთანხმება,” – განაცხადა ბაქრაძემ.
გიორგი თარგამაძის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება ბაქრაძის განცხადების ანალოგიური იყო, თუმცა ორივე მათგანმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 12 ივნისს გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრაზე შეთანხმება იქნება მიღწეული.
”მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ საერთო ჯამში შევთანხმდებით იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც შესაძლებელს გახდის მემორანდუმის ძირითადი პუნქტების განხორციელებას,” – განაცხადა ბაქრაძემ.
მოლაპარაკებებს რამდენიმე საათით წინ უძღოდა ქრისტიან-დემოკრატების მიერ ე.წ. ანტიკრიზისული მემორანდუმის პრეზენტაცია. მხოლოდ პარტია ”ჩვენ თვითონ” დათანხმდა ხელისუფლებასთან მემორანდუმის გარშემო მოლაპარაკებებში მიეღო მონაწილეობა.
რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ უარი თქვა ამ წინადადებაზე.
ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმი და ის მოლაპარაკებები, რომელიც დოკუმენტის პრეზენტაციას მოყვა, იყო წინასწარ დაგეგმილი და იმ გარიგების შედეგი, რომელიც თარგამაძის პარტიას და ხელისუფლებას შორის არსებობს.
მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან ქრისტიან-დემოკრატებს ”კოლაბორაციონისტები” და ”გაყიდული პარტია” უწოდა. ხმები იმის თაობაზე, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიას სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები აფინანსებენ თებერვალში, პარტიის შექმნიდან ცოტა ხანში გაჩნდა. პარტიას რამდენჯერმე მოუხდა ამის უარყოფა, აცხადებდა რა, რომ ეს ხმები მისმა ოპონენტებმა გაავრცელეს.
მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ არსებობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელმაც აირჩია ”რადიკალური კონფრონტაციის გზა”, ნაცვლად მოლაპარაკებებში მონაწილეობისა.
”მე პატივს ვცემ მათ პოზიციას,”- განაცხადა თარგამაძემ, ”არის ნაწილი ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ფიქრობს, რომ საერთო კოორდინაციის შედეგად შესაძლებელი იქნება ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით გაცილებით უფრო სერიოზული შედეგის მიღწევა. მე ამ ნაწილს მივეკუთვნები.”