
ანტიკრიზისული მემორანდუმი
ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას 11 ივნისს ანტიკრიზისული მემორანდუმი წარუდგინა:
”უკანასკნელ პერიოდში უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარების მოგვარებისა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესისათვის დემოკრატიული პერსპექტივის შექმნის მიზნით, ოპოზიციური სუბიექტები (პოლიტიკური პარტიები და პარლამენტის წევრები) აუცილებლად მივიჩნევთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებში შემდეგი სისტემური ცვლილებების განხორციელებას:
საარჩევნო სისტემა
1. პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შემუშავდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელიც ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ასახულ შენიშვნებს (ამომრჩეველთა სიების შედგენა, ყველა დონის საარჩევნო კომისიის ფორმირების პრინციპების დადგენა, საჩივრების პროცესის გამარტივება, სამართალდამცავების მონაწილეობის შეზღუდვა საარჩევნო კამპანიაში, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნორმების დაზუსტება და ა.შ.) და პლებისციტის ჩატარება მომავალი საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით;
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაინიშნოს კონსენსუსის საფუძველზე;
3. მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მერებისა და გამგებლების არჩევა განხორციელდეს პირდაპირი არჩევნების წესით;
4. ჩატარდეს გასული საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარი დარღვევების ზედმიწევნითი გამოძიება;
სამართლებრივი სისტემა
5. დაინიშნოს ოპოზიციის წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში;
6. სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმირება განხორციელდეს მრავალპარტიული კომისიის მიერ და შეიქმნას სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის საბჭო (ე.წ. “რეიგანის კომისიის” მოდელი);
7. საბიუჯეტო სახსრებზე კონტროლის ქმედითი მექანიზმების შექმნის მიზნით, შემუშავდეს ახალი კანონპროექტი კონტროლის პალატის შესახებ, რომელიც შექმნის დამატებით გარანტიებს კონტროლის პალატის საქმიანობაში ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობისთვის, კონტროლის პალატის თავმჯდომარე დაინიშნის ოპოზიციასთან შეთანხმებით;
8. შეიქმნას გენერალურ პროკურატურაზე საპარლამენტო კონტროლის ქმედითი მექანიზმები და განისაზღვროს ამ სისტემაში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხი;
მედია
9. შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რაც უზრუნველყოფს ბალანსს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასევე კერძო მაუწყებლებზე არჩევნებს შორის პერიოდში;
10. დაინიშნოს ოპოზიციის წარმომადგენელი კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში;
პარლამენტი
11. ხელისუფლების მხრიდან გარანტირებული იქნას კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ოპოზიციასთან შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვროს კონკრეტული მექანიზმები;
12. შეიქმნას ხარჯების კონტროლის კომიტეტი, რომელიც შეისწავლის მთავრობის მიერ გაწეულ ხარჯებს და რომელსაც უხელმძღვანელებს ოპოზიციის წარმომადგენელი;
13. შემუშავდეს კანონი ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შესახებ (საქმიანობის დამატებითი გარანტიები, მათ შორის ფინანსური) და კანონი უმცირესობის შესახებ, რომელიც სისტემურად განსაზღვრავს პარლამენტში ოპოზიციისთვის მართვაზე კონტროლის კონკრეტული ბერკეტების გადაცემას (პარლამენტისა და კომიტეტების ხელმძღვანელობაში მონაწილეობა, საგამოძიებო კომისიების ინიცირება უმცირესობის მიერ და ფორმირების პრინციპები, ნდობის ჯგუფში მონაწილეობა ა.შ.).