
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირების გეგმებს ადასტურებს
ოპოზიცია გეგმავს პარლამენტის პიკეტირებას, თუმცა, საპროტესტო აქციაზე ”არაკონსტიტუციური ნაბიჯები” არ იქნება გადადგმული, განაცხადეს რვა პარტიის ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლებმა 4 ივნისს.
”ჩვენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას მოვაწყობთ კანონის და კონსტიტუციის დარღვევის გარეშე. არ იქნება პარლამენტში შეჭრის მოწოდებები, დემონსტრაცია კანონის ფარგლებში გაიმართება,” – განაცხადა დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ ახალი მემარჯვენეებიდან.
ოპოზიციურმა კოალიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ჩატარებისკენ მოუწოდეს. თავის ადრინდელ განცხადებებში ოპოზიციის ლიდერები იმუქრებოდნენ, რომ არ მისცემდნენ დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლებას.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ასევე განაცხადა 4 ივნისს, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს, თუმცა არაფერი უთქვამს დეპუტატების შენობაში არ შეშვების გეგმებზე. მან ახსენა ე.წ. ”სირცხვილის კორიდორი” – ის, რაც ოპოზიციამ უკვე გააკეთა მარტის საპროტესტო აქციების დროს, როდესაც ოპოზიციის აქტივისტებმა შესასვლელთან პიკეტი მოაწყვეს და მმართველი პარტიის დეპუტატებს აქციის მონაწილეებს შორის მოუხდათ გავლა პარლამენტში შესასვლელად.