
ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს – სახალხო დამცველი
საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების ”უხეშმა დარღვევამ სისტემური ხასიათი მიიღო და ხელისუფლების ცხოვრების წესად იქცა”, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაცემია 12 ადამიანი, მათ შორის, ერთი ქალი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს ის 12 ადამიანია, ვინც არ ”შეშინდა” და გაამხილა საკუთარი ვინაობა, თუმცა მისი თქმით, გაცილებით მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ”შიშის” გამო ზეწოლის შესახებ საჯაროდ არ განაცხადა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ყველა ის ადამიანი, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა, ხელისუფლების ოპონენტია.
”მთავარი მიზანი, რასაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული ცემა ემსახურება, არის არა იმდენად მათი დასჯა, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის დაშინება,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სახალხო დამცველის თქმით, თავდასხმის ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული დაადასტურა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
”ყველამ, ვინც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება,” – განუცხადა Civil.ge-ს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა, ”თუმცა კონკრეტულად რამდენი ასეთი შემთხვევაა, ზუსტად ვერ გეტყვით”.
სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიებას მარტივად შეუძლია დამნაშავეების გამოვლენა ”ამის პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს”.
დღესვე სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა.
”ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით,” – განაცხადა სახალხო დამცველმა, ”გასული წლის ნოემბერში ტელეკომპანია ”იმედის“ დარბევა და რამდენიმე ტელეკომპანიისა და რადიოს დახურვა; რადიო ”ჰერეთზე“ განხორციელებული მუქარები და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან; სტუდია ”მაესტროსთვის“ საინფორმაციო საქმიანობის აკრძალვა; ბატონი ირაკლი ტრიპოლსკის გადადგომა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან – ეს ის მოვლენებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გავრცელდეს ჩვენს ირგვლივ მომხდარი ფაქტების შესახებ და რაც შეიძლება არაადეკვატურად გაშუქდეს პროცესები”.
სახალხო დამცველის თქმით, ამ ”უმძიმეს პერიოდში”, იგი მზაა საზოგადოების მხარდაჭერით და მასთან ერთად იბრძოლოს ადამიანის უფლებების დასაცავად.
სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატი იკვლევს ყველა დარღვევას, რაც უკავშირდება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას და უახლოეს პერიოდში სპეციალურ დასკვნას გამოაქვეყნებს.
მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან რა ხდება საარჩევნო პერიოდში საქართველოში, თუმცა მათი შეფასებები არ არის ბოლომდე ადეკვატური.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ვენას სტუმრობდა, სადაც ეუთო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობდა.
”მე მათ ვუხსნიდი, თუ რა ხდება იმ ფასადის მიღმა,”- განაცხადა სოზარ სუბარმა, ”ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა რატომღაც შეფასებები ზოგჯერ არ არის ბოლომდე ადეკვატური, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”.