
რუსეთი სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ჯარები სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას განახორციელებენ, განუცხადა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსმა გურამ გუბაზმა ”აფსნიპრესს” 2 ივნისს.
მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმი ასევე ელის რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩასვლასაც, რომლებიც ოჩამჩირის რაიონში ორ სარკინიგზო ხიდს მოიყვანენ მწყობრში.
მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების დასრულება 2-3 თვეშია ნავარაუდევი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 მაისს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში გაგზავნა თავისი შეუიარაღებელი სარკინიგზო ძალები, რომელთა ფუნქციაა სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვა და რეკონსტრუქცია, როგორც მოსკოვის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი რეგიონისადმი.
საქართველომ მკაცრად დაგმო რუსეთის ეს ნაბიჯი. ”არავის არ სჭირდება სარკინიგზო ჯარების შემოყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ არ მზადდება სამხედრო ინტერვენცია,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ 31 მაისს.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნა რა, რომ მათთვის ”რთულად გასაგებია” რუსეთის ეს გადაწყვეტილება.