
აშშ არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს საქართველოში “მიიღონ ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილება და მშვიდობიანად და პასუხისმგებლობით იმუშაონ, მათ შორის დიალოგის გზით, რათა განაგრძონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება”.
“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გულწრფელად ეცადნენ, რომ [21 მაისის საპარლამენტო] არჩევნები დემოკრატიული არჩევნების თაობაზე ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინათ,” – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, “ჩვენ ვეთანხმებით ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ეს არჩევნები გაუმჯობესებული იყო იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით”.
იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ დასკვნაში OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ “[5 იანვრის საპრეზიდენტო] არჩევნები, თავისი არსით, თანმიმდევრული იყო, რომლის დროსაც დაცული იყო ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებები და სტანდარტები დემოკრატიული არჩევნების თაობაზე”.
ამგვარი ტიპის განსჯას არ შეიცავს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) წინასწარი განცხადება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. მასში ნათქვამია, რომ “მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეეცადა არჩევნები სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა, მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა, რამაც მისი განხორციელება არათანაბარი და არასრული გახადა”.
“მიუხედავად გაუმჯობესებისა, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნების დროს მთელი რიგი პრობლემები გამოავლინეს, რამაც ვალდებულებების და პროცედურების განხორციელება არასრული გახადა,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს დარღვევების შესახებ გაკეთებული ყველა განცხადება და იმუშაონ ყველა მხარესთან, რათა მოგვარდეს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ყველა გამოწვევა და ხარვეზი”.
“მზად ვართ განვაგრძოთ თანამშრომლობა ქართველ ხალხთან, მათ შორის მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან, დემოკრატიული რეფორმის გაძლიერებისა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის ძლიერი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით”.