ახალი ამბები

”იმედის” ახალმა მეპატრონემ რადიოს ხელმძღვანელობა დაითხოვა

მედიაჰოლდინგ ”იმედის” ახალმა მეპატრონემ ჯოზეფ ქეიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა რადიო ”იმედის” დირექტორი ნონა ყანდიაშვილი და გენერალური დირექტორი ირაკლი ხეთერელი.

რადიო ”იმედის” ახალ დირექტორად დაინიშნა რეგიონალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის პრესსამსახურის უფროსი ნინო გაბრიაძე.

რადიო ”იმედის” წამყვანმა ნინო ცხვარაშვილმა დღეს რადიოს პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა: ”ჩვენ [რადიოსადგურის ჟურნალისტებს] დაგვპირდნენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა არ ჩაერევა რადიოსადგურის სარედაქციო პოლიტიკაში”. მან ასევე დასძინა: ”ჩვენ ვერ ავიტანთ, თუ იქნება მითითებები ჟურნალისტებზე”.

რადიო ”იმედი” მედიაჰოლდინგის ”იმედის” ნაწილია. ტელეკომპანია ”იმედმა” ნაწილობრივი მაუწყებლობა მაისის დასაწყისში აღადგინა, თუმცა ტელევიზია საინფორმაციო გადაცემებს არ გადასცემს; ამჟამად, ის მხოლოდ მხატვრულ ფილმებს და სერიალებს აჩვენებს.

ბადრი პატარკაციშვილის ნათესავმა ჯოზეფ ქეიმ მარტში განაცხადა, რომ მან ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” აქციები გოგი ჯაოშვილისგან იყიდა ”უბრალოდ ფულის გადახდის შემდეგ”. გოგი ჯაოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ”იმედის” მიერ დეკემბერში საქართველოს კომუმიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად,  I-Media-ს აქციების დარჩენილი 35%-ის მფლობელია Universal-ი – კომპანია, რომელიც პატარკაციშვილის სამმა ნათესავმა დააფუძნა.

ქეიმ უარყო განცხადებები, რომ ამ გარიგების უკან ხელისუფლება დგას.

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ 19 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლებას ცდილობს ”იმედის” ხელში ჩაგდებას ”თვითმარქვიების” დახმარებით.    

 

Back to top button