ახალი ამბები

საქართველო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით შეიკრიბოს და განიხილოს 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი. თვითმფრინავი, გაეროს დამკვირვებელთა მისიის თქმით, რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

”ჩვენ მივმართეთ გაეროს უშიშროების საბჭოს მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა. ვიმედოვნებთ, რომ დღეს უშიშროების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოუსმინოს ქართულ მხარეს ამ შეხვედრაზე. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაცია არ დაბლოკავს ამ განხილვას უშიშროების საბჭოში,” – განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 29 მაისს.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ სხდომის წინააღმდეგი არ არის, მოსკოვის სურვილია, რომ აფხაზური მხარეც იყოს წარმოდგენილი არ შეხვედრაზე.

თუმცა, ამის საპასუხოდ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთის ეს წინადადება ”ფუნდამენტალურად არღვევს გაეროს ეგიდით მიმდინარე ჟენევის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში არსებულ შეთანხმებებს”.

”მე ძნელად წარმომიდგენია ეს ინსტიტუტი, რომელიც ნებას დართავს სეპარატისტებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა განახორციელეს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფორუმში,” – განაცხადა ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”გულწრფელად რომ ვთქვა, არა მგონია, რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ამგვარი პრეცედენტის დაშვება, რადგანაც შემდეგ წამოიჭრება კითხვები, თუ რატომ არ შეუძლიათ სეპარატისტული მოძრაობების სხვა წარმომადგენლებს დაესწრნენ გაეროს ფორუმებს”.

”ამრიგად, მიმაჩნია, რომ დროა რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ გაეროში შეწყვიტოს ამგვარი ბერკეტების გამოყენება უშიშროების საბჭოში და უშიშროების საბჭოს სხდომის საბოტირება ამ მიზეზის გამო,”- აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავის რუსული გამანადგურებლის მიერ ჩამოგდება იყო ”აგრესიული სამხედრო აქტი”, რამაც კიდევ უფრო გამოუთხარა ძირი რუსეთის, როგორც მედიატორის და ხელმშემწყობის როლს.

გაეროს მისია თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ საფრენი აპარატის მიერ, იქნება ეს უპილოტო თუ პილოტიანი, წარმოებული სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენს ”სამხედრო ქმედებას” და ამიტომაც [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე] მოსკოვის შეთანხმების დარღვევაა.

თუმცა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თბილისს არ მიაჩნია კონფლიქტის ზონის თავზე უპილოტო, შეუიარაღებელი თვითმფრინავების გადაფრენა მოსკოვის შეთანხმების დარღვევად, რადგანაც საქართველოს სუვერენული უფლებაა მონიტორინგი განახორციელოს საკუთარ ტერიტორიაზე და აფხაზური და რუსული ძალების ”უკანონო გადაადგილებაზე”.

 

Back to top button