ახალი ამბები

სამშვიდობოების ბედი მედვედევის და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდება

რუსეთის, როგორც მიუკერძოებელი მედიატორის და სამშვიდობოს, როლს უკვე გამოეთხარა ძირი და საქართველოს ახლა მხოლოდ ამის ”ფორმალურად გაფორმება” სჭირდება რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებით, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.

თუმცა, 28 მაისს ტელეკომპანია ”მზესთან” საუბრისას ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისი დაელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევის შეხვედრას, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ივნისის დასაწყისში იგეგმება.

”ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ რუსეთში ახალი პრეზიდენტია,” – განახცადა მან, ”პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილი მიზნად ისახავდა მისთვის შესაძლებლობის მიცემას, რათა ფუნდამენტალურად გადახედოს [რუსეთის] მიდგომას საქართველოსადმი”.

ამასობაში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს გამოაცხადებს ”საოკუპაციო ძალებად”, თუ მოსკოვი არ დათანხმდება ფორმატის შეცვლაზე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 28 მაისს განაცხადა, რომ თბილისი გეგმავს, რომ აფხაზეთში მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაცია საერთაშორისო სამოქალაქო კომპონენტით ჩაანაცვლოს.

”ლაპარაკია, რომ პოლიციელები იქნებიან ქართველები და აფხაზები, რეგიონში მცხოვრები სხვა მოსახლეობა, რომელთაც გაწრთვნიან და დროის რაღაც მონაკვეთში მენეჯმენტს გაუწევენ საერთაშორისო საპოლიციო ძალები,”- განაცხადა მან, ”საერთაშორისო საპოლიციო ძალები შედგენილი იქნებიან, ჩვენი წარმოდგენით, ძირითადად ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან, მინდა აქვე დავამატო, რომ ჩვენ რუსეთსაც ევროპულ სახელმწიფოდ განვიხილავთ. ყველაზე სასურველი ფორმატია, თუ ეს ოპერაცია ეუთოს ეგიდით წარიმარება.”

იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თბილისი არ მოაწერს ხელს ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას, სანამ არ დაიწყება აფხაზეთში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესი. 

Back to top button