
სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი არ შედგება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი არ შედგება და ოპონენტებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა.
”ქართველმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის პოზიციას და სიტყვას. ეს არის რაც შეიძლება მოხდეს,”- განაცხადა მან 26 მაისს პოლონელ კოლეგასთან ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
”ჩვენ ყველას ვუწვდით დიალოგის ხელს. ჯერ ერთი მე არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შეიძლება არ შემოვიდეს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი ოპოზიციის პარლამენტში იქნება,”- განაცხადა მან.
”ქართველმა ხალხმა მოგვცა ჩვენ 2/3-ზე მეტი და კიდევ კარგი, როგორც გაირკვა, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იყო განზრახვა არსებული პარლამენტის მუშაობის დაბლოკვის იმიტომ, რომ თუ 2/3 არ შეიკრიბებოდა, ასეთი იყო აზრი, მაშინ პარლამენტი ვერ შეიკრიბებოდა,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
მმართველმა პარტიამ წინასწარი ოფიციალური შედეგები მიხედვით მანდატების 2/3 აიღო პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ მას საკმარისი წარმომადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ ახალი პარლამენტი ფუნქციონირებას შეუდგეს და სამართლებრივად, ოპოზიციის ბოიკოტი, ამ პროცესს ვერ უქმნის დაბრკოლებას.
”საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება საზოგადოების მიერ და წყდება ხმების უმრავლესობით,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობამ პატივი არ სცეს უმცირესობას, მეორეს მხრივ უმცირესობამ ასევე პატივი უნდა სცეს უმრავლესობის ნებას”.
მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ”დიალოგი ერთადერთი ალტერნატივაა”.
”საქართველოს ინსტიტუტებს ვერაფერი ვერ დაემუქრება, პარლამენტი არის არჩეული, საქართველო პარლამენტი დაიცავს მთელი საზოგადოების ინტერესებს, მიუხედავად იმისა მისცა მათ ვინმემ ხმა, თუ არ მისცა ხმა,”- განაცხადა მან, ”მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე ვეუბნები მადლობას იმ ამომრჩევლებსაც ვინც მოგვცა ჩვენ ხმა და იმ ამომრჩევლებსაც, რომელმაც მისცა ხმა სხვა პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ, რომ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთვის ჩემი და სხვა ფართო გაგებით არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი საზოგადოების წევრი მრავალეთნიკური, მრავალეროვანი, პლურალისტური სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები”.
მან ასევე განაცხადა, რომ მხარეებს შორის ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციის ულტიმატუმი, რომელიც ფართომასშტაბიანი აქციის დაშლის სანაცვლოდ მოითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
”მე ვფიქრობ, რომ ულტიმატუმების ენით ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ დიალოგით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და მე ვფიქრობ, რომ როცა საქართველო არის საკმაოდ რთულ ვითარებაში საერთაშორისო თვალსაზრისით, როცა მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერს მხარს საქართველოს, რა თქმა უნდა, ეს არის ფონი, რომელსაც ყველაზე რადიკალურმა ძალებმაც კი, ყველაზე პატარა ჯგუფებმაც კი, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, უნდა იპოვოს თავისი ადგილი, მაგრამ ასევე უნდა მონახოს გზა აწარმოოს დიალოგი და მონახოს ერთმანეთთან ურთიერთგაგება,”- განაცხადა პრეზიდენტმა.