
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს
ოპოზიციის ლიდერთა მოწოდებით საპროტესტო აქციის ათასობით მხარდამჭერმა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქცია.
პარლამენტის შენობის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ალყამოქცეული პარლამენტის შენობაში მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები შევლენ, სადაც სავარაუდოდ, სამოქმედო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებენ. ლიდერებმა საგანგებოდ მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ არ სცადონ მათთან ერთად პარლამენტის შენობაში შესვლა.
თუმცა, მოგვიანებით, კობა დავითაშვილმა მიტინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
”ბურჯანაძე გაიქცა ვენაში, სააკაშვილი შავნაბადაზეა და ეტყობა ხელისუფლება აიღო ვანო მერაბიშვილმა,”- განაცხადა პარლამენტის შენობის შესასვლელთან დავით გამყრელიძემ, ”გაიყვანეთ აქედან ეს სპეცნაზი, დაანებეთ პარლამენტის ოკუპაციას თავი, პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ ამას დავიბრუნებთ, ჩვენ არავის არ შეგიშვებთ ამ პარლამენტში ვიდრე არ გააუქმებთ 21 მაისის გაყალბებული არჩევნების შედეგებს”.