ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატების პოზიცია ბოიკოტზე კვლავ ბუნდოვანია

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას კვლავ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხის გაცემისგან იმის თაობაზე, აპირებს თუ არა მისი პარტია შეუერთდეს ოპოზიცის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებას.

ცხრა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს ხელი მოაწერონ ერთობლივ მემორანდუმს ახალი პარლამენტის ბოიკოტის თაობაზე. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად, ხოლო ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიამაც გადალახა 5%-იანი ბარიერი 26 მაისს განაცხადა, რომ მისი პარტია უერთდება მემორანდუმს.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ იგი ძირითადად ეთანხმება მემორანდუმს, თუმცა დასძინა, რომ მემორანდუმის ზოგიერთ პუნქტის განხილვაა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებაა საჭირო. ამ განცხადებამ მომიტინგეების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ თარგამაძემ გაიმეორა მისი პარტიის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება და აღნიშნა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არ აპირებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შესვლას ერთპარტიულ პარლამენტში.

იმავე განცხადებაში ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბოიკოტის ტაქტიკის ეფექტურობა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი პოზიცია ოპოზიციაში.

24 მაისის განცხადებაში ასევე წერია, რომ პარტია შეუერთდება 26 მაისს დაგეგმილ ოპოზიციურ მიტინგს, თუმცა იმავდროულად არ აიღებს პასუხისმგებლობას მის ”არაეფექტიან” შედეგებზე. ”ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აღნიშნული აქციის არაეფექტიან, უშედეგო განვითარებაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებული ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის რესურსი დღეს ქვეყანაში არ არსებობს,” – ნათქვამია განცხადებაში.
 

Back to top button